დააბრუნებენ თუ არა ძველ კატოს „ჩემი ცოლის დაქალებში“

66
SHARE

„ჩემი ცოლის დაქალები“ ახალი სეზონისთვის ემზადება. გადაღებები დაწყებულია.

როგორც გაზეთი „პრაიმთაიმი“ წერს, სერიალის მთავარი გმირის – კატოს როლის შემსრულებლისთვის ჯერ არ დაურეკავთ. ლელა მებურიშვილმა ახალი სეზონიდან ახალი ამპლუა მოირგო და „იმედის“ შუადღის ეთერის წამყვანი გახდა. კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ ამ ახალი ნაბიჯის გამო, ლელაზე „რუსთავი2“-მა უარი თქვა და სერიალში ძველ კატოს – ნინო გაჩეჩილაძეს აბრუნებენ.

„პრაიმთაიმი“ ლელა მებურიშვილს დაუკავშირდა:
– ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გადაღებები დაწყებულია. კონფლიქტი „იმედში“ წასვლასთან დაკავშირებით „რუსთავი2“-ის შემოქმედებით ჯგუფთან არ მქონია. კარგი ურთიერთობა მაქვს დღემდე ამ ადამიანებთან, ისინი ჩემი მეგობრები არიან.

– ანუ სერიალში კვლავ გამოჩნდებით?
– ჯერ მათ გააკეთონ კომენტარი, მე ვერაფერს გეტყვით.

– კულუარებში ძველი კატოს დაბრუნებაზე საუბრობენ, თქვენ ხომ არაფერი გსმენიათ ამის შესახებ?
– არაფერი, დაველოდოთ სერიალის დაწყებას, ჩემთვის გადაღებებზე ჯერ არ დაუძახიათ. ვნახოთ, რა მოხდება.

გაზეთთან კომენტარი გააკეთა მიშა მშვილდაძემაც:
– ძალიან მალე გაირკვევა ყველაფერი… კარტებს ვერ გაგიხსნით.

– ძველი კატოს დაბრუნებაზე არის საუბარი?
-ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. მანამდე გაგებით მოეკიდეთ საკითხს (იცინის).

„პრაიმთაიმი“ გიორგი ლიფონავასაც გაესაუბრა:
– გიორგი, საუბრობენ, ძველი კატოს დაბრუნებაზე სერიალში, ხომ არ ვნახავთ კვლავ ნინო გაჩეჩილაძეს „ჩემი ცოლის დაქალებში“?
– ცოტა ხანში პრომო გავა ეთერში და თავად ნახავთ, რომელი კატო იქნება სერიალში.

– გამორიცხავთ, რომ სრულად ახალი მსახიობი დაამტკიცოთ ამ როლზე?
– არაფერია გამორიცხული.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ სეზონის დაწყებამდე ქასთინგი გამოცხადდა, გამორიცხული არ არის, კატოს როლის შემსრულებელი კიდევ ერთხელ შეიცვალოს და ამ როლზე სრულიად ახალი სახე იხილოს მაყურებელმა. ისე კი, სერიალის მესვეურები ახალი სახეებით ხშირად ანებივრებენ მაყურებელს.

ჩვენ ნინო გაჩეჩილაძესთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ მან ჩვენ ზარს არ უპასუხა“ – წერს „პრაიმთაიმი“.

FB კომენტარები

კომენტარი