“გუშინ ვიმგზავრე მეტროთი, 3 წელია მეტროში არ/ვერ ჩავსულვარ” – ამბავი რომელიც გულგრილს არ/ვერ დაგტოვებთ

313
SHARE

20 წლის ნინუცა დარბაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მის შეგრძნებებზე და ემოციაზე საუბრობს, რაც 3 წლის შემდეგ, მეტროში ჩასვლის შედეგად განიცადა. ნინუცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ის, როგორც ჩანს მესამე წელია ეტლში ზის და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უჭირს. მაგრამ მეგობრების დახმარებით, დიდი ხნის შემდეგ, ნინუცამ მეტროთი იმგზავრა.
“გუშინ ვიმგზავრე მეტროთი, 3 წელია მეტროში არ/ვერ ჩავსულვარ. ჰოდა, 1095 დღის შემდეგ, გუშინ ვიყავი პირველად. ჩემში იმდენი ემოცია ტრიალებდა, ძალიან მაგარი იყო.
დეტალურად: მე და ჩემი მეგობრები, ავტობუსით მივედით რუსთაველის მეტრომდე (პირველად, რომ ვიმგზავრე ავტობუსით, მახსოვს მაშინაც ასეთი გახარებული ვიყავი). ვფიქრობდით, გაგვერისკა თუ არა მეტროთი მგზავრობა. რა თქმა უნდა, მაქსიმუმ დავგორდე და მოვკვდე, მეტი რა უნდა მომივიდეს მეტროში. გავრისკეთ და შევედით რუსთაველის მეტროში, შესვლისას კართან, ბიჭმა ერთი ცალი ვარდისფერი ვარდი მომცა. მეც მორცხვად გავუღიმე და მადლობა გადავუხადე, კარგი სურნელი ჰქონდა ვარდს, ბიჭს არ ვიცი. მეტროს კარს რომ მივუახლოვდით, ოდნავ ნიავმა და მეტროს სუნმა გამომაფხიზლა, ვარდი მუხლებზე დავიდე და ბედნიერი შევედი, ვგრძნობდი გული როგორ მიჩქარდებოდა, მეგობრები მსჯელობდნენ, როგორ უნდა დავმდგარიყავით ესკალატორზე ისე, რომ არაფერი მომსვლოდა. სიმართლე გითხრათ, არც გამიგია, რა ვარიანტები განიხილეს, პირდაპირ ვუთხარი, როგორ უნდა დავეყენებინე. ცოტა მეშინოდა, მიხაროდა, ცოტას ვნერვიულობდი, მომწონდა ყველა ის გრძნობა, რაც ჩემში იყო. ვხედავდი ყველა მე როგორ მიყურებდა, ვინც ზემოთ ადიოდა, ისინიც ჩემკენ იყვნენ მობრუნებულები და მიღიმოდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხმაურობდით. არც კი მახსოვდა, რუსთაველის ესკალატორი ამსიგრძე თუ იყო. მატარებელი რომ გაჩერდა, ძალიან ბევრმა შემოგვთავაზა დახმარება, მარტივად შევედით, გული ძალიან სწრაფად მიცემდა, გაფართოებულ თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, კარი რომ დაიკეტა, უცებ ზევით ავიხედე, მეგონა შუქიც ჩაქრებოდა, ძალიან შემეშინდა. მატარებელი რომ დაიძრა, თავბრუ დამეხვა, მაგრამ მალევე გადამიარა. მერე ის ხმაური დაიწყო გვირაბში, რომ იცის ხოლმე, ვიღაცის ბოტასებს ვუყურებდი, რომელსაც N ეწერა, მუქი ლურჯი შარვალი ეცვა, კარგი ქურთუკიც. თვალებამდე, რომ ავედი, მე მიყურებდა, შემრცხვა. შემამჩნია, რომ ვათვალიერებდი, ტუჩის მოძრაობით მივხვდი, მეკითხებოდა,- “გეშინია? “, თავი გავუქნიე არა-თქო და გავიღიმე. მატარებელი რომ გაჩერდა, მშვიდად ჩამოვედით, მეტროში თავისუფლად დაგორავს ჩემი ეტლი, ამოსვლისას უკვე აღარ მეშინოდა, რაღაცაზე ვიცინოდით, მეტროდან, რომ გამოვედით, ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, თვალები მიბრწყინავდა. აი ეს არის საუკეთესო მდგომარეობა, სიხარული, ოდნავ შიში, სიამოვნება, ძლიერი მღელვარება, ადრენალინი, ბედნიერება! ოდესმე გიფიქრიათ, რა იღბლიანები ხართ, რომ შეგიძლიათ თუნდაც, მეტროში ჩასვლა და ამოსვლა? მე ვიგრძენი გუშინ. სულ ვამბობ, მიიღეთ ბედნიერება ყოველი წუთისგან, იგრძენით, ყველაფერი იგრძენით, თითოეული თქვენი ნაბიჯის გადადგმა კარგად შეიგრძენით, ნუ დალაყუნობთ თავჩარგულები, ყურებში ყურსასმენებით და სახეზე არცერთი ემოციით! დააფასეთ, შეიგრძენით, დააკვირდით, გაიაზრეთ,-” წერს ნინუცა დარბაიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი