“გიო, მე გავიმარჯვე, შენთვის, გავიმარჯვე!” – ელენე ფოჩხუამ გამარჯვება გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა

81
SHARE

“შინაგანად სულ განვიცდიდი და ვნერვიულობდი, რადგანაც სცენაზე ლამაზად მეცვა, ფორმაში ვიყავი, ვიცინოდი, ამ დროს კი ჩემი ძმა ჩემ გვერდით არ იყო…”

ელენე ფოჩხუამ ღირსეულად წარმოაჩინა თავი პროექტში – “ორი ვარსკვლავი” და ასეთივე პარტნიორობა გაუწია მეწყვილეს, ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას და მათი შემადგენლობით, მშვენიერი დუეტიც ჩამოყალიბდა, რომელმაც კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა…

ელენე ფოჩხუა:

– პროექტში აქტიურად სამი თვის განმავლობაში ვიყავი ჩართული, რითაც კმაყოფილი ვარ… როდესაც დამირეკესა და მონაწილეობა შემომთავაზეს, გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. ამ საქმეში ჩართვა იმიტომ იყო კარგი და სასარგებლო, რომ პროფესიულ სცენაზე გამოსვლის გარკვეული პაუზა მქონდა. ასე დიდ სცენაზე, ფართო აუდიტორიის წინაშე დიდი ხანია, არ გამოვსულვარ, რადგანაც მანმადე, თითქმის სამი წლის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული, რთული პერიოდი გამოვიარე. მოკლედ, გულწრფელი მადლობა ყველას, რომ ამის საშუალება მომცეს. ამ ყველაფერმა რაღაც მეტი სიძლიერე მომანიჭა და ხომ ვამბობ, აბსოლუტურად სწორი დრო იყო ამისთვის ეს, მჭირდებოდა და თავს კიდევ ერთხელ ჩავუტარე დიდი გამოცდა…

– ელენე, აღნიშნე, რომ უძიმესი პერიოდი გქონდა, დაახლოებით სამი წლის წინ, ტრაგიკულად დაკარგე ძმა, გიორგი ფოჩხუა… თქვენმა ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა

– ეს ამბავი მთელი ცხოვრება ჩემი მოუშუშებელი ტკივილი იქნება. ხომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ასე არ ყოფილა, უბრალოდ ადამიანი ამ საშინელებას ეჩვევი და ეს არის…

ამ კონკურსის პროცესში, ყოველი გადალახული ტურის შემდეგ, ვტიროდი… მაგრამ რას ვიზამ, ეს ჩემი პროფესიაა და ვალდებული ვარ, არა მარტო სცენაზე, სახლიდან კარს რომ გაიხურავ და გარეთ გავალ, სხვაგვარი იერი მივიღო, რადგანაც არავის უნდიხარ მგლოვიარე და მწუხარე. არც გიორგის გაეხარდებოდა, ჩემი საქმე რომ არ გამეგრძელებინა… თუმცა შინაგანად სულ განვიცდიდი და ვნერვიულობდი, რადგანაც სცენაზე ლამაზად მეცვა, ფორმაში ვიყავი, ვიცინოდი, ამ დროს კი ჩემი ძმა ჩემ გვერდით არ იყო…

როცა კონკურსი დამთავრდა და სახლში დავბრუნდი, მას ხმამაღლა ვუთხარი: გიო, მე გავიმარჯვე, შენთვის, გავიმარჯვე! იმ დღის ჩემთვის ერთადერთი ბედნიერება ეს იყო და ვიცი, რომ სადაც არის იმქვეყნად, კარგად არის და ისიც იზეიმებდა ჩემ გამარჯვებას!

წყარო: ,,კვირის პალიტრა“

FB კომენტარები

კომენტარი