გია ჯაჯანიძე: მიყვარს საკუთარი თავი, მაქსიმალურ კომფორტს ვიქმნი

262
SHARE

„როგორ ვიცხოვროთ სწორად“ – ეს გია ჯაჯანიძის მეორე წიგნია, რომელიც მალე ნახავს მზის სინათლეს. 55 წლის ასაკში ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა იმისთვის, რომ სხვებსაც გაუზიაროს. სწორედ ამას ემსახურება მისი ახალი წიგნის გამოცემაც.
ახლა გია შვებულებაშია და თბილისში ახალ, ნაჩუქარ ბინაში ნებივრობს. ამბობს, რომ მაშინ წავა დასასვენებლად, როცა ყველა თბილისში დაბრუნდება.
გია ჯაჯანიძესთან ინტერვიუ რესტორან „ატრიუმში“ ჩავწერეთ.

– გია, როგორ ატარებ ზაფხულს, შვებულებას?
– ორიგინალურად. ყველა რომ მიდის თბილისიდან, მე თბილისში ვრჩები და ვისვენებ ყველასგან. ისინი რომ ჩამოდიან, მე მივდივარ და ვისვენებ მათგან. თანამშრომლებთან ერთად არ მიყვარს დასვენება, ისევ იგივე სახეების ყურება არ შემიძლია.
– გავიგე, ტყუილები გყვარებია…
– ჰო, მიყვარს, მაგრამ არასდროს არ მოგატყუებ ფულში, დამოკიდებულებაში, ამბავს თუ გამოვიგონებ, რა მოხდა. ამ დროს, ძირითადად, ჩემი პარტნიორის სახეებზე ვკაიფობ, როცა იგებს, რომ ყველაფერი გამოვიგონე. ოღონდ ყველაფერს ვაკეთებ, რომ დაიჯეროს და მერე თავად გამოვუტყდები, რომ ეს ყველაფერი გამოვიგონე. ეს არ არის ტყუილი, ვფანტაზიორობ, უკიდეგანოა ჩემი ფანტაზიები.
– კიდევ რა გამოგდის კარგად?
– ყველაფერი. ჩემს ასაკში ასე რომ გამოვიყურები, პატარა ბიჭივით დავრბივარ, მოუსვენარი ვარ, ეს ცოტაა?
– რამდენი წლის ხარ?
– 55-ის.
– მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ასაკს იკლებენ. შენ იმატებ. რატომ?
– მე მგონია, რომ ადამიანმა არასდროს უნდა გაამხილოს თავისი ასაკი. მე ასაკს ვიმატებ. ამას მისტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ის ეფექტი, რომ, – „უი, მართლა, რა კარგად გამოიყურები“. მხოლოდ საფლავის ქვაზე წაეწერება ჩემი ნამდვილი ასაკი.
– ქალს მოუტყუებია შენთვის ასაკი?
– არ მახსენდება. თუმცა ერთი უცნაურობა კი მახასიათებს. როცა ქალი ასაკს მეუბნება, მაგალითად, 30 წლისაა, უი, მართლა? მე 40-ის მეგონე-მეთქი, ვეუბნები.
– რატომ?
– ვაბრაზებ ხოლმე, მომწონს. ზოგადად, პირიქით ამბობენ მამაკაცები, მაგრამ მე ეს ტყუილი კომპლიმენტები არ შემიძლია. აი, შენ მართლა კარგად გამოიყურები…
– ეგ სათვალიდან, გია, აბა მოიხსენი…
– იცი, რატომ მიკეთია სათვალე?
რატომ?
– მე ხომ ყოფილი გოიმი ვარ (იცინის). არა, ახლაც წავიგოიმებ, მაგრამ უფრო სტაჟი მაქვს ამ სტატუსში… იცი რა მაინტერესებს, ტუსოვკებზე ვიღაც ტიპებს სათვალე რომ უკეთიათ, კლუბებში, უკუნით სიბნელეში, როგორ ხედავენ, ისედაც არაფერი არ ჩანს. მათ ტყავში მინდა ხოლმე შევძვრე. უბრალოდ, მარიაჟობენ. მეც დავიწყე მარიაჟობა.
– დღეიდან?
– ჰო, მაგრამ აღარ მინდა, მეტკინა თვალები. იცი, თან სათვალე რომ მიკეთია ყურში აღარ მესმის.
– რას ამბობ?
– შეგიძლია ჰკითხო ყურის ექიმს, რა ხდება ამ დროს. მე ვიკითხე და მითხრეს, რომ სათვალის გარკვეული მინა, ზოგიერთ ინდივიდში სმენას აქვეითებს… დაიჯერე ხო?
– ვცდილობდი… გია, ბოლოს რა ჭორი გაიგე შენზე?
– ჩემზე არ ჭორაობენ, უფრო ღადაობენ. ახლა გააკეთეს ფოტომონტაჟი, ვითომ ინტერვიუს ვწერ კუმისში იმ საოცარ არსებასთან. ჭორები მგონი დამთავრდა. გავიზარდე, ალბათ.
– მგონი დროა მეოთხე ცოლი მოიყვანო… ციფრი ხომ სწორად ვთქვი?
– სამი ცოლი ნამდვილად მყავდა. ვიღაცამ ოთხი დაწერა, ვიღაცამ ხუთი. ჩემ ხარჯზე რაოდენობის ზრდა მოსწონთ ჟურნალისტებს (იღიმება). სამი ცოლი ნამდვილად მყავდა და ნამდვილად სამივესთან ვმეგობრობ.
– რა იყო ცოლებთან განშორების მიზეზები? ჰგავს ეს მიზეზები ერთმანეთს?
– ამას ვერ იგებს ხალხი და არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა… ვიტყვი, ის გაიგებს ვისაც თავად გამოუცდია. პირველი ცოლი რომ მოვიყვანე 17 წლის ვიყავი. ორი წლის შემდეგ ნელ-ნელა გაქრა ვნება, გრძნობა, სიყვარული… როცა ვამბობდი, მოდი დავიშალოთ, ადვილად ვითანხმებდი. არ ვიცი რაღაცნაირად ვახერხებდი.
– სამივე შემთხვევაში შენ დაამთავრე?
– ისე ვიქცეოდი, მათაც უჩნდებოდათ ჩენგან წასვლის სურვილი. ქალის გაბოროტება არაფრით შეიძლება. შენ არ უნდა წახვიდე ქალისგან. ისე უნდა მოიქცე, რომ ქალი წავიდეს შენგან. ასეთ შემთხვევაში ის შენ მტრად არ იქცევა. ცოლების გარდა გახმაურებული რომანებიც მქონდა, ცნობილ ქალებთან და არც ერთი მათგანისგან არ წავსულვარ მე თვითონ. ყოველთვის ისე ვახერხებდი, რომ თავად მიდიოდნენ ჩემგან.
– როგორ ახერხებდი? ღალატობდი?
– არა, ერთგული ვარ, ძალიან ერთგული.
– ეჭვიანი?
– უსაფუძლოდ არასდროს ვეჭვიანობ, მაგრამ ვთამაშობ ზოგჯერ. ქალებს მოსწონთ როცა ვეჭვიანობ.
– შენს გადაცემაზეც ვისაუბროთ. უხერხული შეკითხვა დაგისვამს რესპონდენტისთვის?
– უი, კი. ერთხელ ერთ გოგოს პირდაპირ ვკითხე, შენ ბოზი ხარ-მეთქი?
– ეს ეთერში გავიდა?
– კი… მოვიდა გოგო, ისეთი ქვედაბოლო ეცვა, უბე უჩანდა. უჩანდა მუცელი, ტატუ, ბიუსჰალტერი. მოკლედ, შიშველი იყო. თან ხომ ქუჩიდან მოვიდა, ხომ არ მოფრინდებოდა… მე ხომ კითხვებს არ ვწერ წინასწარ. მართლა მაინტერესებდა და ვკითხე.
– რა გიპასუხა?
– მოკვდა სიცილით. მე რა ვიცი იყო თუ არა, კი მითხრა, არაო. რა ვქნა, იმ წუთას მომივიდა ეს კითხვა.
მეც ბევრი კითხვა მომდის ახლა თავში და გკითხო?
– მკითხე. გულწრფელად გიპასუხებ, დედას გეფიცები.
– ვინ არის ის ადამიანი სამსართულიანი ბინა რომ გაჩუქა თბილისის ცენტრში?
– ჰო, ბინა მართლაც მაჩუქეს. ამ მარმარილოს კიბეებზე რომ ჩამოვდივარ, ისე ვიფერებ, თითქოს ჭიათურის ტალახი არ მიჭყლეტია (იცინის)… ბევრი უცხოელი ახლობელი მყავს, ეს არ ეხება ტელევიზიას. მათ შორისაა ეს ცოლ-ქმარი, რომლებიც წელს პირველად იყვნენ საქართველოში. გავისეირნეთ, მათ შორის ბაზარშიც. ვერ წარმოიდგენ რა ხდებოდა. გამივსეს პარკები გამყიდველებმა სურსათ-სანოვაგით, ფოტოებს იღებდნენ ჩემთან. წამოვედით დატვირთულები. მეორე დღეს ჩემს სახლში დავპატიჟე ეს უცხოელი ცოლ-ქმარი, საბურთალოზე, სადაც შენც ხარ ნამყოფი. რომ მოვიდნენ, მკითხეს, ეს სტუდიააო? არა, აქ ვცხოვრობ-მეთქი, ვუთხარი. ვერ წარმოიდგინეს, რომ ასეთი პოპულარული ტელეწამყვანი ასეთ პატარა ბინაში ცხოვრობდა. მითხრეს, შენ მალე ბინა გექნებაო… მოკლედ, ამათ მაჩუქეს ბინა. ბიზნესმენები არიან.
– მარტო ცხოვრობ შენს ახალ ბინაში?
– მე და დედა ვცხოვრობთ. ძაღლიც გვყავს. ჩემი შვილები, შვილიშვილები მოდიან, ოღონდ იმ დროს მე არ უნდა ვიყო სახლში.
– რატომ?
– არ მიყვარს ბევრი ხალხი, ბავშვები რომ ჟრიამულობენ, არ შემიძლია. ძალიან მიყვარს სამივე შვილიშვილი, მაგრამ ბავშვების ყვირილის მოსმენა არ შემიძლია. მიყვარს საკუთარი თავი, მაქსიმალურ კომფორტს ვიქმნი… თან, ახლა ახალ წიგნზე ვმუშაობ და სიმშვიდე მჭირდება. „როგორ ვიცხოვროთ სწორად“, ეს, ჩემი რიგით მეორე წიგნია და იმედი მაქვს, მკითხველს მოეწონება.
– ახალი სეზონიდან რას გვპირდები?
– განახლებული იქნება ჩემი გადაცემა, მაგრამ რას შევცვლი, ჯერ არ გეტყვით. წამყვანი ნამდვილად არ შეიცვლება (იღიმება).

წყარო:http://primetimenews.ge

FB კომენტარები

კომენტარი