“გენიოსის გაზრდა მხოლოდ გენიოს მშობელს შეუძლია” – ფსიქოთერაპევტის რჩევები მშობლებს

259
SHARE
ბარბარე ჭკუასელი ფსიქოთერაპევტია, რომლისგანაც თქვენი ბავშვებისთვის თვითშეფასების ამაღლებასთან დაკავშირებით საინტერესო და საჭირო რჩევებს გაიგებთ. ჭკუასელი თავის მოსაზრებებს სოციალური ქსელით გვიზიარებს.

“რას ვხედავთ, როცა ჩვენ შვილს ვუყურებთ?
მოგეხსენებათ, ბავშვს საკუთარ თავზე წარმოდგენა გარემოდან წამოსული შეფასებების მიხედვით უყალიბდება. სანამ ის პატარაა, მას ძალიან უჭირს ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი თავი, შესაძლებლობები. ის ეყრდნობა იმას, რასაც აწვდის მას სოციუმი განსაკუთრებით კი მიკროსოციუმი .
შესაბამისად ბავშვს რომ ადეკვატური წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია გარემომ მას სწორი შიგთავით გაჯერებული ინფორმაცია მიაწოდოს.
ამაზე კი ძალიან დიდ გავლენას ის ახდენს, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ შვილებს, რაზე დაყრდნობით ვაკეთებთ დასკვნას, რომელიც მას უნდა მივაწოდოთ. მარტივად რომ დავსვათ კითხვა: რას ვხედავთ როცა ჩვენს შვილს ვუყურებთ?
კითხვა უცნაურად ჟღერს და ბევრი უცნაური პასუხიც შეიძლება მოიძებნოს. მაგ:
 ხედავთ მომავლის იმედს
 განუხორციელებელ მიზნებს
 ინვესტიციას
 ჩვენი ოცნებების ასრულების საშუალებებს

თუ პატარა პიროვნებას, რომელსაც აქვს
 თავისი ოცნებები
 თავისი ემოციები
 თავისი აზრი
 ძლიერი და სუსტი მხარეები
 უფლებები
 დამოკიდებულებები
 მისწრაფებები
აი ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ ჩვენი არჩევანი ამ პასუხების პირველი ნაწილში მოიძებნა, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ბავშვს დაეწყოს თვითშეფასების და საკუთარი თავის მიღების პრობლემები, ჰქონდეს მიდრეკილება პერფექციონიზმისკენ და ნაკლებად ჰქონდეს კმაყოფილების განცდა.

უფრო დეტალურად თუ აღვწერთ პროცესს ყველაფერი იწყება იქედან, რომ თუ ჩვენ შვილებში ვხედავთ ჩვენი ოცნებების და მიზნების გაგრძელებას, მათი მიღწევის გზებს ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მასში არ ვხედავთ პიროვნებას, მასში ვხედავთ საკუთარ თავს. მისი განვითარებით ჩვენ ვიკმაყოფილებთ იმ დანაკლისის განცდას, რომელიც საკუთარ თავთან განვიცადეთ. მის მიმართ ვართ რაციონალური მაგრამ ნაკლებად ემოციური. ვართ უფრო სტაბილური და ნაკლებად სპონტანური. მისგან ველით ბევრს და ვითხოვთ ამას გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ არ ვიღებთ მას ისეთს, როგორიც არის. ეს ყველაფერი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბავშვიც ვერ ხედავს საკუთარ თავს, არ იცის როგორია სინამდვილეში, უჭირს საზღვრის დანახვა. ვერ ხვდება სად მთავრდება მშობელი თავისი მიზნებით და სად იწყება ის თავისი მიზნებით, იმიტომ რომ ეს თითქოს ერთ დიდ წრფეს უფრო გავს ვიდრე ორ პარალელურ ხაზს. შესაბამისად მოდის თვითშეფასების პრობლემები, პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება, კმაყოფილების განცდის ნაკლებობა და საკუთარი თავის მიუღებლობა.
ხოლო თუ ჩვენი არჩევანი ამ პასუხების მეორე ნაწილში მოიძებნა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი და თქვენი შვილის ცხოვრება ყოველთვის განვითარების და თვითშემეცნების ფორმატში იქნება. ასეთი ცხოვრება რთულია,რადგაც თან ახლავს ბევრი ემოცია, საზღვრების დაცვაზე მუშაობის დაუსრულებელი პროცესი, მაგრამ ეს პროცესი ძალიან ცოცხალი და მრავლისმომცემია, როგორც მშობლისთვის ასევე შვილისთვის.
მხოლოდ ამ პროცესში არის შესაძლებელი თქვენ თქვენს შვილში გენიოსი აღმოაჩინოთ და მერე მასაც დაეხმაროთ ამ გენიოსის პოვნაში.
გენიოსობა არ ნიშნავს ყველაფერში ყველაზე წარმატებულობას საკუთარი თავის ხარჯზე.
ჩემი აზრით, გენიოსია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის და ბედნიერების პოვნა!
საკუთარი თავის პოვნა პროფესიაში, რომელიც მოსწონს, საკუთარი თავის პოვნა სოციუმში რომელშიც ცხოვრობს, საკუთარი თავის პოვნა ბედნიერებაში რომელიც ზოგადად არსებობს, საკუთარ თავში ამ ბედნიერების პოვნა და გაზიარება.
ასეთი გენიოსის გაზრდა კი მხოლოდ გენიოს მშობელს შეუძლია, რომელმაც იპოვა ეს ყველაფერი და შეუძლია შვილს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს, არჩევანის თავისუფლება მისცეს და მხარი დაუჭიროს ამ პროცესში.
გისურვებთ თქვენ შვილებში გენიოსის პოვნას!”,- წერს სოციალურ ქსელში ბარბარე ჭკუასლი.

წყარო: გეშტალთერაპია ბარბარე ჭკუასელთან ერთად.

FB კომენტარები

კომენტარი