გელა ჩარკვიანი: ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა

885
SHARE

“შორეულ ზაფხულზე სტიროდნენ ხეები, მე კი, ყველასდა გასაკვირველად, მცხელოდა ოქტომბრის სუსხიან დღეებში. გახსოვს, ოქტომბრის ქარიან დღეებში გაკოცე პირველად” , – ეს ლექსი მწერალმა და დიპლომატმა გელა ჩარკვიანმა მეუღლეს მიუძღვნა. მეუღლისა და შვილის, ირაკლი ჩარკვიანის შესახებ მან გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ისაუბრა.

გელა ჩარკვიანი: „მე რომ 1958 წლის 20 მაისს „ზემელზე“ არ გამევლო, არ შემხვდებოდა ჩემი ნაცნობი ნანდა ­ ნიკოლა იაშვილი და მისი მეგობარი ­ ნანა… კონცერტის ბილეთების საყიდლად მიდიოდნენ. მკითხეს, ხომ არ წამოხვალო? სიამოვნებით, მაგრამ ფული არა მაქვს, დედაჩემი არ მაძლევს, მიაჩნია, რომ ფული ბავშვებს რყვნის-მეთქი, ვუპასუხე. ჩვენ რომ გიყიდოთო? სიამოვნებით წამოვალ-მეთქი. ამან ცოტა უცნაურად იმოქმედა მათზე,­ ეს არათბილისური ქცევა იყო. მე ახალი ჩამოსული ვიყავი მოსკოვიდან, სკოლა იქ დავამთავრე, ჩემთვის კი ეს ნორმალური იყო.

მაშინ მე 19 წლის ვიყავი… ნანასაც საბუთებში 19 ეწერა, თუმცა ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. მას ცოტა რთული ისტორია ჰქონდა, მამამისი რეპრესირებული იყო, დახვრეტილი… მაშინ მამაჩემი აღარ იყო ცეკას პირველი მდივანი, მაგრამ მაინც პარტიული ელიტის წრიდან ვიყავი…

მოსკოვში გოგოს რომ გავიცნობდი, პირველ თუ არა, მეორე შეხვედრაზე მაინც უნდა მეკოცნა. ნანას მხოლოდ 5 თვის შემდეგ ვაკოცე და ეს ერთ-ერთ მაშინდელ ლექსში მაქვს კიდეც:

“შორეულ ზაფხულზე სტიროდნენ ხეები,/ მე კი, ყველასდა გასაკვირველად,/ მცხელოდა ოქტომბრის სუსხიან დღეებში/ გახსოვს, ოქტომბრის ქარიან დღეებში გაკოცე პირველად”. 2 წლის შემდეგ ვიქორწინეთ.

– წლისთავზე დაიბადა ირაკლი…

– ირაკლი მე დავარქვი. შვილიშვილებსაც მე შევურჩიე სახელები. როცა პირველი შვილიშვილი მოსკოვში დაიბადა, მაქსიმე (დედა რუსი ჰყავს), ბაბუამისმა დამირეკა: ბავშვს ქართული გვარი აქვს და სახელი მაინც ჰქონდეს რუსულიო. ვკითხე, შენ რა სახელი მოგწონს-მეთქი. მეუბნება, ნიკიტაო. გამაჟრჟოლა, ნიკიტა ჩარკვიანი რომ წარმოვიდგინე. არა-მეთქი, აღმომხდა. კარგი, მაშინ, – გლები. არა-მეთქი. მაქსიმი რომ თქვა, კარგი, მანდ გაჩერდი-მეთქი. ჩემი დიდი ბაბუა იყო მაქსიმე ჯაოშვილი… რაც შეეხება ირაკლის დაბადებას, დილის 6 საათზე დაიბადა.

გელა ჩარკვიანი თავისი მეუღლის ხასიათის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნანას უბოროტო და მსუბუქი ხასიათი ჰქონდა.

“ნანას მსუბუქი ხასიათი ჰქონდა. უბოროტო იყო, თუ რამე ეწყინებოდა, წუთში ავიწყდებოდა. არის გარდამტეხი პერიოდები ცოლქმრულ ურთიერთობაში, განსაკუთრებით მაშინ, ბავშვები რომ ჩნდებიან, ამ დროს ბევრი წყვილი შორდება. ჩვენთან ეს პერი­ოდი იქნებ იმ ავარიამ გადაფარა – ნანა ძალიან მძიმედ დაშავდა მაშინ… ნანა ლონდონში ცხოვრებაზე ოცნებობდა. მოხდა ისე, რომ ბოლო 5 წელი ლონდონში ვიცხოვრეთ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ნატვრა შევუსრულე.

მას ბევრი კარგი თვისება ჰქონდა. არ იყო ჭორიკანა, ცუდს არავისზე იტყოდა. სამაგიეროდ, დედაჩემი გახლდათ ძალიან მკაცრი ქალი. რომ გითხრათ, აღფრთოვანებული იყო ჩვენი ქორწინებით-მეთქი, ასე არ ყოფილა. მაინცდამაინც დიდ სიყვარულს არ ავლენდა ნანას მიმართ, მაგრამ უკვე ხანში შესულმა მითხრა, შენი ცოლი კარგი ადამიანიაო. დედაჩემისგან ეს იყო უდიდესი ქათინაური. ობლობაში გაზრდილი იყო და კაცობრიობას უნდობლობით უყურებდა. რძალ-მამამთილს კი საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. მამაჩემს უყვარდა მთებში სიარული, მე – არა. კავკასიური­ ნაგაზი მურა, მამა და ნანა მიდიოდნენ ერთად. ნანა ბოლო დღეს სავარძელში იჯდა, თეონამ ჰკითხა, როგორ ხარო. კარგადო, უპასუხა და უცებ გაეყინა თვალები. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ირაკლის ტრაგედიის შემდეგ, ირაკლიც მე აღმოვაჩინე გარდაცვლილი ლოგინში. მახსოვს, მაშინ ვთქვი, ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა-მეთქი. ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა”, – აცხადებს გამოცემასთან ინტერვიუში გელა ჩარკვიანი.

 

FB კომენტარები

კომენტარი