განჯინა, ანუ “სიკეთის ყუთი” – გაიღე და მიიღე

91
SHARE

იდეის ავტორი სამხატვრო აკადემიის ფილოსოფიის ლექტორი ლევან ღამბაშიძეა.

როგორც ლექტორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, იდეა ბერლინში ყოფნისას დაებადა.
“პირველი განჯინა გრიბოედოვის ქუჩაზე. ამიერიდან, შეთანხმების გარეშე იცით, სადაც შეგიძლიათ მოიტანოთ ნივთი, რომელიც გინდათ, რომ სხვას მისცეთ. უთო, ტანსაცმელი, წიგნი, სანათი.
განჯინას ფუნქცია სხვადასხვა ნივთების როგორც დატოვება, ასევე აღებაა. შარშან, ბერლინში ყოფნის დროს, გადავეყარე მსგავს “განჯინას”. ბერლინში მას “give box” ჰქვია. იდეა ძალიან მომეწონა და მეგობრებს გავუზიარე. ერთად გადავწყვიტეთ, რომ საქართველოშიც შეიძლებოდა მსგავსი რამის გაკეთება.
გვინდოდა, რომ განჯინა გაგვეკეთებინა იქ, სადაც ერთ-ერთი ჩვენგანი იცხოვრებდა. განჯინა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად არანაირ მოვლას არ საჭიროებს, მაინც გარკეულ ყურადღებას მოითხოვს და კარგი იქნებოდა, რომ მიგვექცია ყურადღება.
დიდი ხანი ვეძებდით შესაბამის სივრცეს და ბოლოს მივაგენით კიდეც გრიბოედოვის ქუჩაზე, იქ, სადაც მე ვცხოვრობ. სივრცე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეკუთვნის, თუმცა აკადემიის რექტორმა დიდი ენთუზიაზმით გაიზიარა ჩვენი იდეა და დაგვრთო ნება, რათა ამ სივრცეში განჯინა აგვეშენებინა.
ნებართვის მოპოვების შემდეგ, ჩემმა მეუღლემ შექმნა განჯინის დიზაინი, ხოლო ჩემმა მეგობარმა, სიმონ ჯანაშიამ და მე შევისყიდეთ საჭირო მასალა და ორი დღის განმავლობაში ჩვენი ხელებით ავაწყვეთ განჯინა. მესამე დღეს სიმონმა იგი შეღება, დღეს კი აკადემიის სტუდენტებმა წარწერა გაუკეთეს. აქვე ვახსენებ ჩემს და-ძმასაც, რომლებიც სამუშაოს გარკვეულ ეპიზოდებში გვეხმარებოდნენ.
ჩვენ ვიცით უკვე, რომ იდეამ გაამართლა და ეს ძალიან გვახარებს. ჯერ არდასრულებულ განჯინაში ჩემმა მეზობელმა განათავსა ტანსაცმელი და საჭმელი. დღის ბოლოს, აღნიშნული ნივთები განჯინაში უკვე აღარ იყო.
განჯინის წარმატებას აგრეთვე მისი ერთი თვისება განაპირობებს: ის ყველასია. განჯინა არ არის გათვლილი მოქალაქეთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე. განჯინაში მე შემიძლია განვათავსო ის, რაც მე არ მჭირდება, მაგრამ შეიძლება თავადვე ავიღო არსებული ნივთი, რომელიც იქ სხვამ განათავსა. ამდენად, განჯინა აკავშირებს თითოეულ მოქალაქეს ყველა დანარჩენ მოქალაქესთან“, – წერს ლევან ღამბაშიძე.
პირველი განჯინა გრიბოედოვის 22-შია, სამხატვრო აკადემიის შენობის კედელში.

წყარო: ფეისბუქი

FB კომენტარები

კომენტარი