“განსაკუთრებული იყავი” – ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება

260
SHARE

დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება. რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ლოტბარისა და კომპოზიტორს ზვიად ბერიაშვილის გარდაცვალებამ, ქართული მუსიკალური სამყარო შეძრა. 37 წლის მუსიკოსი რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა. სწორედ მას უძღვნის ემოციურ პოსტს ნიკოლოზ რაჭველი:

“მშვიდობით ჩემო ტკბილო ადამიანო, ჩემო ძალიან ძვირფასო ზვიად… ღმერთმა გაგინათოს გზა უფრო დიდ საქართველოში და დაგიმკვიდროს სასუფეველი ღირსეულ ადამიანთა შორის!!!

ძალიან გვატკინა გული შენმა წასვლამ ურიცხვ ადამიანს, რომელთა მიმართ უხვად მოასწარი დიდი სიყვარულის მიძღვნა, განსაკუთრებული იყავი და ამიტომაც გერგო განსაკუთრებული აღსასრული. ტანჯვა, რომელიც გამოიარე კიდევ უფრო შეგიმსუბუქებს სამოთხისაკენ სავალ გზას და იქნები ნათელში უსასრულოდ! ასე მწამს, ასე მჯერა და ასე ვნატრულობ! შენს შვილებს, შენს მეუღლეს, შენს ოჯახს კი დარწმუნებული ვარ წინ დახვდებათ შენი დათესილი სიკეთე, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მომავალში, შენს მოწაფეებში, რომელსაც ასწავლიდი ნამდვილ მუსიკას და ადამიანობას!

შენს დედას ალბათ აღარაფერი ანუგეშებს, გარდა ღვთის რწმენისა და შენი შვილების წარმატებისა.

ამიტომ განგებას ვთხოვ სასახელოები და საამაყოები გახდნენ არამხოლოდ შენი ოჯახისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის!!! შენ სულს ვენაცვალე ზვიად! შეხვედრამდე!!!

P.S. ჩემო ფეისბუქის მეგობრებო: 7 ნოემბერს ოპერის თეატრში ჩვენი ორკესტრის მორიგ კონცერტს ზვიად ბოლქვაძესთან, სვიმონთან, აფხაზეთის კაპელასთან, სამების გუნდთან და ყველა სოლისტთან ერთად მთელი გულით ვუძღვნით ადრეულად ჩვენგან წასული ჩვენი მეგობრის და კოლეგის ზვიად ბერიაშვილის ხსოვნას, თქვენ მიერ შეძენილი ბილეთებით კი დავეხმარებით მის დაობლებულ შვილებს, რომლებმაც ერთადერთი ბინაც კი დაკარგეს მამიკოს მკურნალობის ხარჯების გასასტუმრებლად… იმედია ყველანი დაგვიდგებით გვერდში ამ სასიკეთო საქმისთვის, სხვას ჩვენ ვერაფერს შევძლებთ ერთმანეთისთვის… დიდი მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს ტკივილს…” – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

FB კომენტარები

კომენტარი