განოს ემოციური მიმართვა მისი შვილის ბაღის მასწავლებლებს

75
SHARE

განო მელითაურის უმცროსი გოგონა ლოლა უკვე ერთი თვისაა, შუათანა ბიჭი თარაში კი რამდენიმე დღეა ბაღში დადის.

 სწორედ ამ მოვლენას მიუძღვნა განომ ემოციური პოსტი, რომელიც თარაშის საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ეკუთვნით:
”ის დღეც მახსოვს…ის დღე იყოს ნეტა ახლა! მაშინ ორნი ვიყავით, მესამე მუცელში… ექომ გვითხრა, ცოცხალიაო… დიდხანს გვატარეს ცუდი დიაგნოზით და იმ დღეს თითქოს ყველაფერი გამოვიდა – ანალიზები, ეხო, ვიზა… ინტერკლინიკის მოსაცდელში სულ ბევრი იცდის… ჩვენ ყოველთვის სადღაც გვეჩქარება, იმ დღესაც, მაგრამ წრიულ სტენდზე მიყრილ ბროშურებში ერთი მაინც თვალში მოგვხვდა. კოტე უხერხულად გადაიხარა – უკაცრავადო – თქვა ღიმილით. იცნეს და შენიშვნებსაც გადაურჩა… მოკლედ, უკანა გზაზე გულის ჯიბიდან ამაყად ამოაცურა ფერადი ბროშურა, საიდანაც ხელიხელჩაკიდებული გოგო-ბიჭების სასაცილო ფიგურები იცინოდნენ! ძალიან გამეხარდა და მაჯა მაჯას მივარტყით, თან ერთხმად:
– გაკს! – როცა რღაც გვიხაროდა სულ ასე ვიქცეოდით, ერთმანეთის აბრევიატურები მაჯასთნ გვაქვს ამოტვიფრული და ვაერთებთ ხოლმე… ისევ ის დღე იყოს ნეტა ახლაც!!!!!
– შენ დარეკავ?
– არა, მოდი მე, მოდი შენ, – და ამასობაში საელჩოსთან მივედით.
– როცა ჩამოვალ, ბარემ ერთად მივიყვანოთ, თან უკვე სამი წლისაც იქნება, – და მანქანიდან გადავიდა.
მე ვერ მოვითმინე და სანამ ნაცრისფერ მასაში კოტეს ფერადი ლაქა გაუჩინარდებოდა, ბროშურაზე მითითებულ კონტაქტზე დავრეკე… ქალმა მიპასუხა, ათასი შეკითხვა დავუსვი და ვიზიტზეც შევთანხმდით… მაგრამ კოტე აღარ ჩამოვიდა… მის მაგივრად “ტვირთი 49 თუ 36” ჩამომითრიეს მოსკოვიდან… აპრილი მოვიდა და უსინდისოდ, გაუფრთხილებლად წამართვა ყველაზე სანუკვარი… ეს ამბავი ქალაქს მოედო, და ალბათ წიგნიერამდეც მიაღწია, რადგან თვითონ დამირეკეს და თარაშის ბაღში მიღებაზე სრულიად უფასოდ, სკოლის ასაკამდე, გამოთქვეს მზადყოფნა…
რთული იყო, მაგრამ ისევ თარაშისთვის გავბედე წასვლა, საშინელ განცდებთან, გლოვასთნ გამკლავებაში დაეხმარება-თქო… ყველგან და ყველაფერში მამამისს ეძებდა…
წიგნიერში დათრგუნული უმზეო და თვალებდასიებული მივედი… ხელიც აღარავის ეკიდა და ვერც მაჯა
მაჯას ვერ მივარტყით…
დღეს თარაში თქვენი მოსწავლეა! ჩვენ ურთულეს პერიოდს გავდივართ – ისევ ვეძებთ, ისევ ველოდებით ისევ გვტკივა… ამ დილასაც ატირებული შემოვიყვანე, ხშირად ვეღარ უძლებს მონატრებას და ცრემლებით გამოხატავს… მაგრამ ზუსტად ვიცი, ყველა ჯერზე, როცა კიბეებს ავივლით, ბოლო საფეხურთან მოტრიალდება, სევდიანად დამიქნევს ხელს და მეტყვის: “იცი? მე ნინო მელოდება! მიყვარს ნინო”… მერე ნინო გამოვა, აღმზრდელის დანახვაზე თარაში გაიღიმებს და შიგ გულში ჩაეკრობა. თითქმის ისე, მე რომ მეხუტება… იღიმის – ამის დანახვა ყველაფერს მირჩევნია! – ამას ვერ ითამაშებ ვერც სამსახურისთვის, ვერც ხელფასისთვის… მეც მიყვარს ნინო, ყველა თქვენი აღმზრდელი და თქვენ! რადგან ყველაზე, ყველაზე მაგარი, სწორი და სყვარულით სავსე ბაღი გაქვთ თბილისში!!!”
წყარო:http://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი