გაიცანით ბიჭი, რომელმაც ბოლო დროის ყველაზე პოპულარული საუნდტრეკი შექმნა

203
SHARE

ქართული ტელესერიალი “ხელოვნური სუნთქვა” სულ რამდენიმე თვეა გამოჩნდა ტელეეკრანებზე და ქართველი მაყურებლის გული მალევე მოიგო. სცენარი, მსახიობები, მუსიკალური გაფორმება – სერიალის ყველა კომპონენტი მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებს. განსაკუთრებით წარმატებული კი აღმოჩნდა სერიალის საუნდტრეკი, რომელსაც ალბათ, თქვენც ერთხელ მაინც აყოლილხართ მოსმენისას.
სერიალის მთავარი მუსიკალური თემა – სიმღერა Imegination, მუსიკოსმა ნიკ მღვიმელმა შექმნა. ყველაზე პოპულარული ქართული საუნდტრეკის ავტორი საკუთარი თავის შესახებ AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს.
– ვარ ხმის რეჟისორი და არადიპლომირებული მუსიკოსი. ვმუშაობ “ფორმულა კრეატივში”, თავდაპირველად “ჩემი ცოლის დაქალებისთვის” ვწერდი მუსიკას. Imegination 2013 წელს დავწერე და “ცუდ თესლთან” ერთად ვმღეროდი, შემდეგ, როცა “ხელოვნურ სუნთქვაზე” დავიწყეთ მუშაობა, გაჩნდა იდეა, რომ სიმღერა Imegination ახლებურად გაგვეკეთებინა. ცოტა დაუვარცხნელი იყო ამ სიმღერის ძველი ვერსია, ანდერგრაუნდის სტილში გაკეთებული. არტისტი, რომელიც ანდერგრაუნდში მუშაობს, ხელოვნებას ანიჭებს უპირატესობას და არა კომერციულობას. სატელევიზიო შოუ კი კომერციულ მიზნებზეა გათვლილი, ამიტომაც გახდა აუცილებელი, სიმღერა გამხდარიყო ისეთი, რომელიც ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანისთვის იქნებოდა მისაღები. მხოლოდ საკუთარი პრინციპების დაცვით შექმნილ მუსიკას ხალხი ვერ მიიღებს.

– რა იყო ინსპირაციის წყარო სიმღერაზე მუშაობისას?
– ინსპირაციაზე ლაპარაკი რთულია, ინსპირაციის მთავარი წყარო არის გავლენა, იმ მუსიკის და სივრცის, რომელშიც ვარსებობთ. აქედან გამომდინარე ალბათ ის გარემო იყო, რომელშიც გავატარე მეგობრებთან ერთად ბავშვობა, სტუდენტობა და არსებობისთვის ბრძოლა. მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან შემოვიდა, როგორც წესი, უფროსები მუდმივად გასმენინებენ იმას, რაც მოსწონთ, ამ მხრივ გამიმართლა – გემოვნებიან გარემოში მოვხვდი და პატარა ასაკიდან ისეთ ჟანრებთან მქონდა შეხება, რომლის მოსასმენად სხვებს წლები სჭირდებათ.

– რა ასაკიდან წერთ მუსიკას?
– მუსიკის შექმნა 15 წლის ასაკიდან დავიწყე. მაქვს ჩემი ჯგუფი “melow”, რომლის სიმღერებიც გამოყენებულია სერიალში. არაერთ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა.

– ნიკ მღვიმელი თქვენი ნამდვილი გვარი და  სახელია?
– ძალიან მიყვარს ავსტრალიელი მუსიკოსი ნიკ ქეივი, უფრო სწორად, ხან მიყვარს და ხან – არა. ამიტომ გადავწყვიტე, ფსევდონიმად მისი სახელი ამეღო და გავხდი ნიკ მღვიმელი. ცოცხალი შესრულება ჯერჯერობით არ მქონია, როგორ მისტიკურადაც ვითარდება პროექტი, მინდა ასე მისტიკურად გაგრძელდეს ნიკ მღვიმელის არსებობა.

– ელოდით, რომ ასეთი წარმატებული გახდებოდა საუნდტრეკი?
– წინასწარ არაფერზე ვიქმნი შთაბეჭდილებებს, ამიტომ არაფრის მოლოდინი არ მქონდა.

b3fe35977f.images.new_photo.axali_fotos.mosaics.xelovnuri-suntqva

განაგრძეთ  კითხვა:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი