გაახალგაზრდავების გზები და საშუალებები

309
SHARE

ბოტოქსი
ბოტოქსი (ბოტოხ) მიმიკურ კუნთებში გასუფთავებული და დასუსტებული А ტიპის ბო­ტულინის ნეიროტოქსინის პრეპარატის შეყვ­ანის პროცედურაა. ეს მეთოდი დამტკიცებულ იქნა ამერიკის სამკურნალო პრეპარატებისა და საკვები პროდუქტების კონტროლის სამმართველოს (FDA) მიერ და ახლო წარსულში მხოლოდ ნევროლოგიაში გამოიყენებოდა.

ეფექტი
ბოტოქსის ნემსი ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს და ხელს უშლის ახლების წარმოქმნას. პაციენტები ნაკლებად ასრულებენ უნებლიე მოძრაობებს: ჭმუხნიან წარბებს, სახის მიმიკური კუნთების საშუალებით გამოხატავენ სხვადასხვა ემოციას, – რასაც ჩვენ ყველა გაუცნობიერებლად დღეში ათასჯერ მაინც ვაკეთებთ.

მოქმედების პრინციპი
კოსმეტოლოგიაში ბოტოქსის გამოყენებას არც ისე ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, თუმცა მოკლე ხანში მას ბევრი მომხრე გამოუჩნდა სპეციალისტებსა და პაციენტებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ნაოჭების გასასწორებლად იყენებენ ძლიერ შხამს – ბოტულინს, ტოქსიკური რეაქციები არასოდეს აღინიშნება. ტოქსინი მოქმედებს მხოლოდ კანქვეშ განლაგებულ წვრილ კუნთებზე. სწორედ მათი შეკუმშვის შედეგად წარმოიქმნება ნაოჭები შუბლზე, თვალის კუთხეებთან, წარბებს შორის, ცხვირის ზურგსა და ზედა ტუჩზე. პრეპარატი წვრილი ნემსით შეჰყავთ. გაუტკივარებისთვის გამოიყენება ადგილობრივი ანესთეტიკები, რომლებსაც წინასწარ უსვამენ კანზე. პრეპარატი მოქმედებას იწყებს საშუალოდ 7-14 დღის შემდეგ. ბოტოქსი ამცირებს კუნთების მამოძრავებელ აქტივობას. ზედაპირული და ღრმა ნაოჭები სწორდება და კანის ზედაპირი სიგლუვეს იბრუნებს. პრეპარატის ეფექტი საშუალოდ 6 თვეს გასტანს, მერე კი საჭიროა პროცედურის გამეორება. ხანგრძლივი და მყარი ეფექტის მისაღწევად კოსმეტოლოგები ბოტოქსის პრეპარატის წელიწადში 3-ჯერ შეყვანას გვირჩევენ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ შუბლის შეჭმუხვნის მავნე ჩვევა დავიწყებას ეძლევა და პრობლემა პრეპარატის გარეშეც გვარდება. პროცედურის რეგულარული ჩატარებისას კუნთები მოდუნებული რჩება, ნებისმიერი სიღრმის ნაოჭი სწორდება, ახლები აღარ წარმოიქმნება.

მოსალოდნელი გართულებები
ბოტოქსის შეყვანის შემდეგ გართულებები იშვიათია. დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა ტუჩის კუთხის ან ქუთუთოს დაშვება გამოიწვიოს, მაგრამ, ვინაიდან ნეიროტოქსინის მოქმედება შექცევადია, სახე 1-2 თვეში იბრუნებს თავდაპირველ იერს. უსიამოვნებებისგან თავის დაზღვევის ერთადერთი გზა საიმედო კლინიკისა და კვალიფიციური კოსმეტოლოგის შერჩევაა. ბოტულინის ნეიროტოქსინის ინექციით შესაძლებელია ოფლის გამოყოფის კონტროლი ჰიპერჰიდროზის – ჭარბი ოფლიანობის – დროს.

რესტილაინი
რესტილაინი წარმოადგენს სტერილურ ბიოგელს, რომელიც არაცხოველური წარმოშობის ჰიალურონის მჟავას შეიცავს. ეს არის გამჭვირვალე, უფერული, სტერილური ხსნარი. განკუთვნილია ნაოჭების გადასასწორებლად, სახის კონტურის დეფორმაციის კორექციისთვის, ტუჩების გასადიდებლად. გელი კანქვეშ ნემსით შეჰყავთ. პროცედურის ხანგრძლივობა ნახევარი საათია, ეფექტი მყისიერია და 1 წლამდე გასტანს. თუ პრაქტიკულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ 6 თვის შემდეგ ნარჩუნდება პირველადი ეფექტის 50-80%. საზოგადოდ კი ცალკეულ შემთხვევებში კორექციის ხარისხი და ეფექტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დეფექტის ბუნებაზე, იმპლანტანტის მოქმედებით გამოწვეულ ქსოვილოვან სტრესზე, იმპლანტანტის განთავსების ადგილზე. ჰიალურონის მჟავა ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი კომპონენტია. კანში ის იკავშირებს დიდი რაოდენობით წყალს და კანის ქსოვილს საჭირო მოცულობას ანიჭებს.

ფაინ ლაინსი
ფაინ ლაინსი განკუთვნილია თვალებისა და ტუჩების ირგვლივ მდებარე წვრილი, ზედაპირული ნაოჭების, ასევე – ზედა ტუჩის ზემოთ მდებარე განივი ნაოჭებისა და შუბლის ნაკლებად ღრმა ნაკეცების გადასასწორებლად.

პერლაინი
პერლაინით შეიძლება სახის ოვალის, ღაწვების ან ნიკაპის ფორმის კორექცია, ტუჩების მოცულობის გაზრდა, სახის ღრმა ნაკეცების ამოვსება. ამ პრეპარატებს სწრაფი ეფექტი აქვს. არ არის საჭირო წინასწარი ტესტირება აუტანლობაზე. პროცედურა მოითხოვს 30 წუთს. ზოგჯერ საჭირო ხდება გამეორებაც. ანესთეზიის გამოყენების აუცილებლობას ექიმი-კოსმეტოლოგი თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურად განსაზღვრავს. პროცედურის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს და რამდენიმე დღე გაგრძელდეს ნებისმიერი ინექციისთვის ტიპურმა მცირე უსიამოვნებებმა – ინექციის მიდამოში კანის სიწითლემ და შეშუპებამ. ეფექტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ასაკზე, კანის ტიპზე, ცხოვრების წესზე. პერლაინის ზემოქმედება 1-დან 1,5 წლამდე გრძელდება. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რომელ გასაახალგაზრდავებელ პროცედურასაც არ უნდა იტარებდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა კანის ინტენსიური მოვლა, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და კვების რეჟიმის დაცვა, რათა სილამაზე და ახალგაზრდული იერი რაც შეიძლება მეტხანს შევინარჩუნოთ.

წყარო: www.mkurnali.ge

FB კომენტარები

კომენტარი