გაატარე შვებულება უბატონო კუთხეში

132
SHARE

იქ, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთშია არეული, კოშკებით, მთის მწვერვალებითა და მყინვარებით გარშემორტყმული ხვდები, რომ სვანეთში ყველაზე ახლოს ხარ ცასთან.


რითია სვანეთი განსხვავებული სხვა დანარჩენი ადგილებისგან? – სვანეთი უმაღლესი მწვერვალების სამშობლოა, ათასწლოვანი თავდაცვითი კოშკებით და ადამიანებით, რომლებმაც დღემდე შეინარჩუნეს ტრადიციები და სვანური ენა.
მესტიიდან საათი და 30 წუთის სავალზე, ალპურ ზონაში მწვერვალ შხარას ძირას მდებარეობს სვანეთის ულამაზესი და აწ უკვე ყოფილი – ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი უშგული. აქ ერთმანეთის მიყოლებითაა ჩარიგებული უშგულის თემის სოფლები: მურყმელი, ჩაჟაში, ჩვიბიანი და ჟიბიანი. ჟიბიანი ყველაზე მაღალი სოფელია მთელ სვანეთში. თემის ცენტრს სოფელი ჩაჟაში წარმოადგენს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული და ღია მუზეუმადაა გამოცხადებული.

როგორც უკვე აღვნიშნე, უშგული თავდაცვითი კოშკთა სიმრავლით გამოირჩევა, რომლებიც IX-XI საუკუნეებით თარიღდება – უშგულის თემი, როგორც საზღვარი განსაკუთრებულად იყო გამაგრებული. უშგული სამანქანო გზით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა ზაგაროს უღელტეხილზე გადის, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანრჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება.

სვანეთის სიამაყე უშგულის ლამარიაა, ტაძარი რომელიც წმინდა მარიამის სახელობისაა. ის სოფელ ჟიბიანის შემაღალებულ გორაკზე მდებარეობს და კლდეებისგან გაკეთებული გალავნითაა გარშემორტყმული. ტაძარი მე -10 საუკუნით თარიღდება. ეზოში შესვლისთანავე იგრძნობ, რომ დრო შენთვის ჩერდება, რადგან საუკუნეების განმავლობაში ყველაფერი იგივე დარჩა. ეკლესიის შიგნით შეამჩნევთ ბევრ ფრესკას, რომლებიც დროთა განმავლობაში თითქმის ქრებოდა. ამასთან, თქვენ მაინც შეამჩნევთ იესოს ძალიან საინტერესო ფრესკას, ეკლესიის ცენტრში. ჩვეულებრივ, მზის სხივები არ აღწევს ეკლესიის შიგნით და ის სანთლებითაა განათებული . ეს ფაქტი ლამარიას კიდევ უფრო ხელუხლებელს და იდუმალს ხდის. ყოველწლიურად, 28 აგვისტოს, უამრავი ადამიანი მთელი საქართველოდან იკრიბება აქ, რათა აღინიშნოს წმინდა მარიამის ხსენების დღე.

ადგილობრივებს დღემდე მძიმედ ახსოვთ უშგულში, 1987 წელს მომხდარი სტიქია. რომლის შედეგადაც თემის პირველივე სოფელი მურყმელი სრულად დაიცალა, იყო დიდი მსხვერპლიც.


მას შემდეგ იძულებით მიტოვებულ მრავალსაუკუნოვან კოშკებს ადგილობრივები ნელ-ნელა უბრუნდებიან, ადგილს, სადაც თითოეულ ქვას თავისი ისტორია აქვს. ნახევრად დანგრეული კოშკები, სვანებისთვის დამახასიათებელი სიმტკიცით დღემდე ამაყად დგანან და მძიმე ისტორიას, თავად უყვებიან მნახველებს, მერწმუნეთ, შეუძლებელია გულგრილი დარჩეთ.


სვანეთის არტერიად წოდებულ უშგულში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავთ უცხოელ ტურისტებს, რომლებიც მართლაც 9 მთას იქით მდებარე უბატონო უშგულს, მრავლად სტუმრობენ.

.
უშგულის სილამაზისა და საინტერესო ადგილების გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესო მარშრუტი უშგულიდან შხარასკენ მიმავალი 4-კილომეტრიანი სამანქანე გზაა, სადაც მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი. გზა ზღვის დონიდან 2200 მეტრზეა გაჭრილი და მდინარე ენგურის ვიწრო ხეობას მყინვარისკენ მიუყვება. აღნიშნული მარშრუტის გავლის შემდგომ, 2-კილომეტრიანი საშუალო სირთულის საფეხმავლო ბილიკის გავლა მოგიწვეთ. ნანახი ამად ღირს. ექსტრემისა და თავგადასავლების მოყვარულებს ხედები, რომელიც მყინვარიდან იშლება გაგაოცებთ და აღმოაჩენთ, რომ თითქოს მიწა ფეხქვეშ გეცლებათ. იქ, სადაც მდინარე ენგური ბარაქიანად მოჰქუხს და მწვერვალებისა და მყინვარების სამარისებურ სიჩუმეს ჯიუტად არღვევს.

„თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვართ სვანეთში უნდა წახვიდეთ“ – ვინც ილია ჭავჭავაძის ამ რჩევას დაუჯერებთ, მერწმუნეთ, საშუალება გექნებათ, იმოგზაუროთ ცოცხალ მუზეუმში, სადაც მთებში და მყინვარებშია მოქცეული სვანების უძველესი ისტორია.

FB კომენტარები

კომენტარი