„ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ”

530
SHARE

“კვირა პლუსი” გთავაზობთ ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას რამდენიმე ცნობილ და ძალიან საინტერესო გამონათქვამს:

* ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს.

* ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს – კანონი, ინდიელებს – ნირვანა, რუსებს – მათრახი, ჰოდა, ქართველებს – პატივმოყვარეობა.

* განა მე სადმე გამომიცხადებია, უცოდველი პაპი ვარ და ადამიანური ზადი არ გამაჩნია-მეთქი? ჩემი ადამიანური ნაკლი ხომ არავისთვისაა საინტერესო? მწერლისაგან მხოლოდ ის რჩება, რაც ტილოზე გადააქვს, სხვა ყოველივე ქვიშაზე გავლილი ქარის ნაკვალევია, რადგან მის სიკვდილთან ერთად სხვა ყოველივე წარიხოცება!

* ღამეები ისეთი მრუმე იყო, როგორც ძალით გათხოვილი ქალის ხვაშიადი.

* ხტოდა, კისკისებდა ვარდისახარი და ეს კისკისი მოაგონებდა არსაკიძეს გახელებულ ჭიხვინს იმ ფაშატისას, რომელიც განზრახ გაურბის ხოლმე მოძალებულ ულაყს, რათა მომეტებულად ააღელვოს მამრი და გაგრილებისას უფრო ხარბად დააცხრეს ვნებას.

* ზოგს ენა როდი აბია, თავადაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა.

* ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ.

* ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს არ დამანახებდა მათთანვე ბრძოლა.

* მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწყურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია. როცა იგი მაქებარს დაუწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში. სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულთანებს.

* ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.

* ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს… ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.

* ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა.

* ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი.

* ძლიერს უჭირს ამქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.

* როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე – ბოლოთი.

FB კომენტარები

კომენტარი