ბრძოლა სიცოცხლისთვის! – ერთად გადავარჩინოთ შსს-ს ვეტერანი ლაბრადორი!

462
SHARE

მოგითხრობთ ამბავს, რომელიც ახლა, თბილისში, ჩვენს გვერდით ხდება! ამბავს , თუ როგორ იბრძვიან ადამიანები შსს-ს ვეტერანის, 7 წლის ლაბრადორი ჟუჟუს გადასარჩენად.
ადამიანები და ცხოველები ერთმანეთს გვანან. ისინი გრძნობენ, ფიქრობენ, უყვართ. უბრალოდ, ცხოველები ოდნავ მეტად ერთგულები არიან. ერთგულება კი სიყვარულს საზღვრებიდან ათავისუფლებს.
ჟუჟუ განსაკუთრებული ლაბრადორია. ის 7 წელი ერთგულად ემსახურა სამშობლოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
რამდენი რამ გამოიარა ადამიანებთან ერთად, მაგრამ წლების მერე, ადამიანებმა ის მიატოვეს და თავშესაფარში ჩააბარეს. აი, მსგავსად, მობეზრებულ მოხუცებს რომ აბარებენ უზრუნველი თავხედი შვილები…
ისეთი უცნაური იყო იქ. ციხეს გავდა ალბათ… აი, მისი თანამშრომლები რომ ახსენებდნენ ხოლმე, მაგრამ მას რა უნდოდა ამ გისოსებში. ძაღლს ვერ გაეგო, მეგობრები რატომ არ აკითხავდნენ. აი, ისინი სულ რომ აქებდნენ და ხელს გადაუსვამდნენ ხოლმე. ასე რომ ეუბნებოდნენ: “შენ რა მაგარი ხარ ე..” და მის გულს რომ ახარებდნენ.
თავშესაფარში მზე შემოდიოდა დილაობით და თანამშრომლების ლოდინი მზის ლოდინმა შეცვალა. მზე მასავით ერთგული იყო, ის აუცილებლად მოდიოდა ყოველ დილით და ათბობდა. ღრუბლებიდანაც კი უცინოდა მზე, მაგრამ სულში სციოდა ჟუჟუს. მას ხომ არავინ დარჩენოდა დედამიწის ზურგზე. რა უცნაური იყო…
ერთხელაც კარი გაიღო და მოიტაცეს ერთ სიმშვიდეში, დიდ ეზოში, სადაც იყო აუზი, სახლი, სითბო და გარეთ სახტუნაო ადგილიც. ნუთუ ყველაფერი უკან დარჩა? დიდხანს არ იჯერებდა, იმალებოდა მოფარებულ ადგილას, მერე ნელ-ნელა გამოვიდა, ისევ ენდო ადამიანებს, მაგრამ…

როდესაც გგონია, რომ ყველაფერი ის, რაც გაშინებს დამთავრდა, შეიძლება მაშინ დაიწყოს რაღაც უცნაური და წარმოუდგენელი…
ერთხელაც ჟუჟუმ გაიღვიძა, ფეხზე ადგა და გარშემო ყველაფერი დატრიალდა. მან ვეღარ გაიარა. ახალი პატრონისთვის ალბათ იმდენად მძიმე იყო სანახავად ეს ყველაფერი, რომ ვეღარ გაუძლო და ჟუჟუ უკან, თაშესაფარში დააბრუნა.
გამოეკიდა ცას ჟუჟუ. დგებოდა და ტრიალებდა, იჯდა და თავს ატრიალებდა, არაფერი ჩერდებოდა, იღლებოდა, აღარც საჭმელს ჭამდა, აღარც წყალს ეკარებოდა, ქრებოდა…

მაგრამ ადამიანებშიც ხომ არიან მზეები… ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სიყვარული და ერთგულება, მხარში დგომა.
მათი დახმარებით, რამოდენიმე დღის წინ, ჟუჟუ გამოიკვლიეს. გაირკვა, რომ ამ ერთგულ გოგონას თავში სიმსივნე ჰქონია, ამიტომ ტრიალებდა ყველაფერი გარშემო, ამიტომ გამოეცალა ძალა და ამიტომ მიატოვეს მეორედ.
ჟუჟუ ახლა თავშესაფარშია. გუშინ მან რამოდენიმე დღის მანძილზე პირველად მოსვა წყალი! ისე გაუხარდა ყველას, ისე გაუძლიერდა იმედი.
დღეს ჟუჟუს თავზე ოპერაციას უკეთებენ!!!!

გამოჩნდა ერთი განსაკუთრებული ადამიანი, მისი მომავალი პატრონი, რომელიც წაიყვანს და ბედნიერად იცხოვრებს მასთან ჟუჟუ, მაგრამ სანამ მასთან წასასვლელად ბოლომდე გამოჯანმრთელდება, მას ოპერაციის შემდეგ განსაკუთრებული მოვლა, ყურადღება, მკურნალობა, სიყვარული და სითბო სჭირდება!

და ახლა, აქ, თქვენ, ვისაც ასე გიყვართ ცხოველებისა და ფრინველების ეს საოცარი სამყარო, ვინც გრძნობთ, რა არის ერთგულება და საკუთარი სახლი, რა არის მადლის ქვაზე დადება და ცხოველების მადლიერი თვალების ბრწყინვა, შეგიძლიათ, დაეხმაროთ ჟუჟუს და შეიფაროთ იგი ოპერაციის შემდეგ, მკურნალობის პერიოდში!
დღევანდელი ოპერაციისთვის ყველაფერი მზადაა! ყველა მზე, რომლებიც ჟუჟუს გადასარჩენად იბრძვის – დაგეხმარებათ, ძალა ხომ ერთობაშია?!
ჟუჟუ მხოლოდ შემფარებელს ელოდება! თქვენ გელოდებათ, როგორც ხსნას! მას სურს, რომ გამოკეთდეს და თავის პატრონთან გაემგზავროს, საკუთარ სიმყუდროვესა და ბედნიერებაში!!!
ვისაც შეუძლია ჟუჟუს შეფარება, რაც მისი გადარჩენაა, დაურეკეთ, რაც შეიძლება მალე: 5 55 505 919.
ჟუჟუ სიცოცხლეს ელოდება! გადაარჩინეთ ეს საოცარი
ლაბრადორი!

juju-labradori-1

წყარო: http://www.zooclub.ge

FB კომენტარები

კომენტარი