ბლოგი: როგორ გავაოცოთ მეუღლე?

185
SHARE

სახლის საქმეებით გაბეზრებულმა მაიკომ, გადაწყვიტა რაღაც გაეკეთებინა. ჰოდა, ადგა და დიდი ნაჭრის თოჯინა შეკერა. ადამიანის სიგრძე. ჯერ თავის კოლგოტში ჩატენა მატყლი, მერე ძველი, გრძელმკლავიანი მაისური გამოტენა და მკლავის ბოლოები გადაკერა. ეს ორი ნაწილი, ერთმანეთზე მიაბა და ახლა მთავარი რამ დარჩა გასაკეთებელი, – თავი.
ბევრი რომ არ ეწვალა, პატარა მრგვალ ბალიშს შეელია და ზედ წარბები, თვალები და პირი ამოქარგა. მერე კარტოფილივით ცხვირი მიაკერა და თავზე ბებიის ძველი, ჩრჩილნაჭამი პარიკი დაახურა.
ბოლოს, თავისი გარდერობიდან ამოარჩია ტანსაცმელი, რომლის ჩაცმასაც აღარ აპირებდა და თავისი ქმნილება საგულდაგულოდ გამოაწყო.
ყველაზე მეტად, ფეხსაცმელების მიმაგრება გაუჭირდა, მაგრამ ესეც მოახერხა. – აბა, ქალი რისი ქალია?
საღამომდე ყველაფერს მორჩა და თავისი შედევრი, მისაღებ ოთახში, სავარძელში ჩააბრძანა. ფეხი-ფეხზე გადაუდო და ხელებში წიგნი დააჭერინა.
ერთი სული ჰქონდა, მირანდა (ასე დაარქვა თოჯინას) თავისი ქმრისთვის ეჩვენებინა და მოულოდნელად აღმოჩენილი „ნიჭით“ ეტრაბახა მასთან.
გია როგორც იქნა დაბრუნდა სამსახურიდან და მისაღები ოთახის კარი შეაღო. წამიერად, ვერ აღიქვა „ვინ“ იჯდა მის საყვარელ სავარძელში და ინსტინქტურად მიესალმა. მერე შედგა. დააკვირდა და იმხელა ხმაზე წამოიყვირა, რომ გულის ძილით მძნარე ბავშვი გააღვიძა.
– რა არის ეს???…
– ეს მირანდაა! მე შევკერე! ნახე, გია… დააკვირდი… დილით გადაცემას ვუყურე: – „როგორ გავაოცოთ მეუღლე“ და მომინდა შენთვის სიურპრიზი გამეკეთებინა!
– ჰოო… კიი, გამოგივიდა… გაოცებული ვარ! – ჩაიბუდღუნა გიამ და ენას კბილი დააჭირა. კინაღამ ისეთი რაღაც წამოსცდა, რასაც მერე ვეღარ გამოასწორებდა და კარგა ხანი (როგორც მინიმუმ) ცოლის წუწუნის გაძლება მოუწევდა… თუ როგორ არ აფასებს მის შრომას და ტრა ლა ლა… ამას, ისევ ამ ჯოჯოს ატანა ურჩევნია!
– კაია… ისა და, აუცილებელია ჩემს სავარძელში იჯდეს?..
– იცი, სკამზე დავსვი, მაგრამ გადაყირავდა! ცოტა სუსტი წელი აქვს! აქ ლამაზად არის, უხდება!
– ჰო, მართალი ხარ! ძაან უხდება… – და საჭმელი რა გვაქვს?
ასე, ტრადიციული ფრაზით დამთავრდა მათ ოჯახში „სიახლის“ განხილვა. რამოდენიმე დღე, ღირსეულად ითმენდა გია, რომ მირანდა არ აებრძანებინა თავისი საყვარელი სავარძლიდან, რომლიდანაც ყველაზე კარგად ჩანდა ტელევიზორი. ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და თავისი ადგილის დაბრუნება სცადა. – არაფერი გამოუვიდა, რადგან მაიკო კბილებით და მთელი არსებით იცავდა თავის შექმნილ ჯოჯოს. ალბათ პიგმალიონის მსგავსად გაიღვიძა მასში რაღაცამ…
რამოდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ (რომლებიც ყველა ჩხუბით მთავრდებოდა) გია დანებდა და სცადა იუმორით მაინც შეეხედა ამ ყველაფრისთვის. მას ახალისებდა ის სცენები, როდესაც მათ ოჯახში სტუმარი მოვიდოდა და მირანდას დაინახავდა… მათი სახის გამომეტყველების ყურება, ნამდვილად ღირდა.
მაიკო ყველას ერთი და იგივეს ეკითხებოდა: – „ხომ მოგწონს? მე შევკერე!“ და ისინიც უნამუსოდ აკანტურებდნენ თავებს და იტყუებოდნენ, ვითომ ძალიან მოსწონდათ.
ეს ამბავი ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი ინციდენტი… მაიკოს ძმიშვილმა, დათამ სკოლის ეზოში ქვედა ყბა იპოვა. როგორც ჩანს, გადაგდებული ჩონჩხის ნიმუშს მოსძვრა, როდესაც ბიოლოგიის კაბინეტიდან გაჰქონდათ.
დათა ჭკვიანი ბავშვი იყო და იცოდა, რომ ასეთ „ძვირფას“ ნივთს, მისი ოჯახის წევრები სახლში არ გააჩერებინებდნენ, ამიტომ მისი დამალვა მამიდის სახლში გადაწყვიტა.
ყბა მირანდას (რომელსაც ვერც ის იტანდა) ნაჭრებით გამოტენილ „ლიფში“ ჩაუდო. მერე კი მისი არსებობა დაავიწყდა.
ერთხელაც, მაიკომ გადაწყვიტა თავისი ქმნილებისთვის ტანსაცმელი გაერეცხა და თავისი ძვერი პერანგი გახადა. გახადა და შეჰკივლა კიდეც… მირანდას „ლიფიდან“ ვიღაცის კბილები იყო გამოჩრილი.
რეაქცია საშინელი ჰქონდა… თავიდან, გული კინაღამ გაუსკდა, ცოტათი რომ მოსულიერდა, სასწრაფოდ გიას დაურეკა. პასუხად მიიღო, რომ სასწრაფოდ გადაეგდო ის “ჯადო”! – აჰა, ესე იგი ჯადო, არა?.. ასე აფასებს მისი ქმარი ხელოვნებას..
მაიკომ გადაწყვიტა თავადვე გაეგო, თუ საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო ვიღაცის ყბა მირანდას “ლიფში”. ყოველი შემთხვევისთვის, დათასაც ჰკითხა, მაგრამ დამფრთხალი ბავშვი ყველაფერს უარყოფდა. მერე გაახსენდა, რომ ერთი კვირის წინ, გიას დაბადების დღე იყო… იფიქრა, რომ რომელიმე მათ ხანშიშესულ ნათესავს დაეკარგა პროთეზი…
ხომ წარმოგიდგენიათ როგორ იგრძნობდნენ თავს საწყალი მოხუცები, როცა მაიკო ჰკითხავდა ტელეფონში: – „თქვენ ხომ არ დაგრჩათ კბილები მირანდას „ლიფში“? მაინც შეამოწმეთ, იქნებ ვერ შეამჩნიეთ, როგორ ამოგივარდათ…“
კბილების პატრონი მაინც ვერ აღმოაჩინა.
– ეგ უეჭველი ჯადო იქნება! კბილები თუ იპოვნე, მალე თმასაც იპოვი! კიდევ იქნება შიგნით რაღაც… – უთხრა სამსახურიდან დაბრუნებულმა გიამ. ისე ოსტატურად გამოხატა შეშფოთება, რომ ცოლი თავის ეჭვებში დააჯერა.
მოგვიანებით, თავის საყვარელ სავარძელში მოკალათებული გია, ლუდს წრუპავდა და კმაყოფილი ადევნებდა თვალს მაიკოს, რომელიც მისაღები ოთახის იატაკზე იჯდა და გლეჯდა თავისივე ხელით შექმნილ თოჯინას.
წყარო: marao.ge


 

FB კომენტარები

კომენტარი