ბილწსიტყვაობა – დაბალი ხარისხის პიარი თუ აგრესიის გამოხატვის უკეთესი ფორმა?

108
SHARE

რატომ გვასწავლიან გინებას ტელეეკრანიდან
ბილწსიტყვაობა “მოდური სენი” გახლავთ, რომლითაც დღეს უამრავი ადამიანია “დაინფიცირებული”:

საზოგადოებისთვის ცნობილები, უცნობები, მოზარდები, ბავშვები, ხანდაზმულები… ავტომობილის საჭესთან მჯდომი ყველაზე ზრდილობიანი ქალბატონებიც კი ხშირად, ზრდილობას “საბარგულში ინახავენ” და ურჩ მძღოლებსა თუ ფეხით მოსიარულე “კამიკაძეებზე” გაბრაზებულები, გულიანად იგინებიან. ზოგჯერ ახალბედა მამებს რატომღაც, დიდ სიამოვნებას ჰგვრით, როცა მათი პირმშო გინებას სწავლობს. “აბა, მამი, შეიგინე!” – სიყვარულით სთხოვენ ბიჭუნას (იშვიათად – გოგონასაც) და როცა ბავშვი არც ისე წარმატებულად, მაგრამ გინების მოსმენა-წარმოთქმაში გაწაფული ყურისთვის გასაგებად რაღაც უწმაწურს იტყვის, მშობელიც კმაყოფილია და გამხიარულებული დამსწრე საზოგადოებაც.

რაც შეეხება ვირტუალურ სამყაროს: მაგალითად, სოციალურ ქსელებში მინიმუმ, 1-2 უხამსი სიტყვის შემცველი “სტატუსი” თუ არ დაგიწერია, შესაძლოა, შენს მეამბოხე და “პატრიოტულ” სულისკვეთებაში ეჭვი შეეპაროთ; საკუთარ შემოქმედებაში უწმაწურ გამოთქმებს ჭარბად იყენებენ ის ადამიანები, ვინც თავს მწერლებად “არ მიიჩნევენ”, მაგრამ მაინც წერენ და ინტერვიუებსაც მწერლის სტატუსით “არიგებენ”. ამ ადამიანებს ვირტუალურ სამყაროში მათი ლიტერატურისათვის შესაფერისი ლექსიკით “უმასპინძლდებიან”, შემდეგ კამათში “მწერლის” მეგობრები ერთვებიან და ერთგვარი “შეჯიბრება” იმართება – რაიმე უხამსობას ვინ უფრო “მახვილგონივრულად” იტყვის. ბილწი სიტყვების “ჰარმონიულობაა” ბლოგერების “პოსტებშიც”… გადავწყვიტე, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლისთვის მეკითხა: – რატომ ბილწსიტყვაობს ხალხი საჯაროდ, თანაც – განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ რელიგიური მრწამსისა? რას ფიქრობს უხამსი გამოთქმების მოყვარულებზე საზოგადოება?

ნინო, 31 წლის:

GzaPress– რატომ ვბილწსიტყვაობ? უბრალოდ, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, გინებაა ამად კარგი, რა! რატომ იცინი? მე ზრდილობიანად და ვრცლად ლაპარაკი ძალიან მეზარება, ამიტომ მოკლედ და უზრდელურად ვამბობ.

– სათქმელს მოკლედ, მაგრამ ზრდილობიანად ვერ აყალიბებ?

– ვაიმე, მოკლედ და ზრდილობიანად არ ყალიბდება! ვისაც ჩემი ბილწსიტყვაობა არ სიამოვნებს, შეუძლია, აღელდეს.

– ბილწსიტყვაობისგან თავს რა შემთხვევაში იკავებ?

– როცა ბავშვებთან ან სასულიერო პირებთან ერთად ვარ, სხვები – “მკიდია”.

– რამდენად “მაღალ ხარისხში” იგინები?

– რა თქმა უნდა, გინების “აკადემიკოსი” ვარ!

– ეს “განათლება” სად მიიღე?

– სამშობლომ აღმზარდა.

– შენ ხომ ქალი ხარ და მეტი მოკრძალება გმართებს?

– კდემამოსილი ვიყო და – “ნერვებჩაოხრებული”?! დაე, სხვამ ინერვიულოს!..

ქრისტი, 18 წლის:

– უფროსი თაობის თანდასწრებით არ ვბილწსიტყვაობ, მხოლოდ – იმ თანატოლებთან, ვისთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს.

– შენს სამეგობროში გოგონები ხშირად იგინებიან?

– სიტუაციას გააჩნია: თუ ვერთობით, შეიძლება, ამას 1-2 უცენზურო სიტყვაც მოჰყვეს, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.

– დედმამიშვილები გყავს?

– კი, 4 ძმა მყავს.

– შენს ბილწსიტყვაობასთან დაკავშირებით, მათ შენიშვნა არ მოუციათ?

– შენიშვნებს ყოველთვის მაძლევენ, მაგრამ ვპასუხობ, – თქვენგან ვისწავლე-მეთქი (იცინის). ახლა მინდა, რომ ეს ცუდი ჩვევა დავძლიო. ვნახოთ, რა გამომივა…

გიორგი, 28 წლის:

– ჩემი აზრით, ადამიანებს, რომლებიც სისტემატურად ბილწსიტყვაობენ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ; ბილწსიტყვაობით ,,ტიპობენ” და ეს “კაი კაცობა” ან “კაი ქალობა” ჰგონიათ.

– უცენზურო სიტყვები თავად არასდროს გამოგიყენებია?

– კი, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ასეთ დროს სწორად ვიქცევი. განრისხებულს შემიგინებია, მერე კი გულწრფელად მინანია. მანდილოსნის თანდასწრებით არასდროს ვიგინები.

– შენი თანდასწრებით, თავად მანდილოსანს თუ შეუგინებია?

– კი და ეს საშინლად არ მომწონს. ასეთებს ქალად ვერ აღვიქვამ.

ანი, 27 წლის:

– ამჟამად, იმ სიტუაციაში და გარემოში არ ვიმყოფები, რომ ვიბილწსიტყვაო. თინეიჯერობისას მეც მითქვამს “რაღაც”… როცა ასაკით უმცროსი ხარ და “გიქრის”, შენზე ზეგავლენას გარემო იოლად ახდენს. ახლა უკვე ჩამოყალიბებული აზროვნება მაქვს… ოჯახში გაზრდილი, ნამდვილი ქართველი კაცი ქალის თანდასწრებით არასოდეს შეიგინებს. ჩემი ქმრის სწორედ ამ თვისებამ მომხიბლა.

ეკატერინე, 42 წლის:

– უცენზურო სიტყვებს ანეკდოტებში ვიყენებ. კიდევ, “კაფიით” პროტესტს ხშირად გამოვხატავ, მაგრამ თუკი ამა თუ იმ სიტყვას სხვები მძაფრ კონტექსტში ამბობენ, მე ცოტათი ვამსუბუქებ.

– ანუ უხამსი სიტყვა კარგად გარითმული თუ არის, არა უშავს?

– მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში უფრო კორექტულია (იცინის).

– თქვენი აზრით, ბოლო დროს ხალხი ასე ხშირად რატომ ბილწსიტყვაობს?

– შინაგანი აგრესია აქვთ, რომელსაც ამ ფორმით გამოხატავენ. შესაძლოა, ქვეცნობიერში რაღაც აქვთ დალექილი… მიმაჩნია, რომ ზრდასრულ ადამიანს საკუთარი სიტყვა-პასუხისა თუ საქციელის კონტროლი უნდა შეეძლოს.

– ზოგჯერ ადამიანები სიხარულსაც უხამსი სიტყვებით გამოხატავენ…

– ამ შემთხვევას მართლა ვერ ავხსნი… აღფრთოვანების გამოხატვა უამრავი ლამაზი სიტყვით შეიძლება, მით უმეტეს – ქართველებს არაჩვეულებრივი, უხვსიტყვიანი ენა გვაქვს.

– ალბათ გაგიგონიათ, როცა ვინმეს შესახებ ამბობენ, – გინება უხდებაო. თქვენი აზრით, გინება როგორ ადამიანს უხდება?
– გინება აგრესიის გამოხატვას და სხვა ადამიანის დამცირებას გულისხმობს. შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანს გავუგო – ალბათ ნერვები ვერ მოთოკა, მაგრამ ვერ გავამართლებ. ყველაზე გამაღიზიანებელი საკუთარი დედის გინებაა.

ბილწსიტყვაობასთან დაკავშირებით, აზრი რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც ვკითხეთ:
ბატონ გივი სიხარულიძის შესახებ ხშირად მსმენია, – რა საყვარელი კაცია, მაგრამ ბილწსიტყვაობა უყვარსო. უპირველეს ყოვლისა, სწორედ მას დავურეკე. სატელეფონო ინტერვიუ ბატონი გივისთვის ჩვეულ სტილში წარიმართა:
– მაშინ ისე უნდა დაწეროთ, როგორც გიკარნახებთ!

– უცენზურო გამოთქმებით?

– არა. თქვენ მეკითხებით, – როცა ხალხი საზოგადოებაში ყოფნისას ბილწსიტყვაობს, ამაზე რა აზრის ვარ, არა? მინდა გითხრათ, რომ დღეს მსოფლიოს საზოგადოება არ ჰყავს. ეს არის ბრბო! იმ ქვეყანაში, იმ მსოფლიოში, სადაც კაცი კაცზე თხოვდება, ქალი – ქალზე, პრეზიდენტები კი მათ გაბედნიერებას ულოცავენ და ტაშს უკრავენ, რომელ საზოგადოებაზე და ბილწსიტყვაობაზე ლაპარაკობთ?!

– ბატონო გივი, უხამსი გამოთქმები თქვენც გჩვევიათ…

– კი, ბატონო, ხშირად ვბილწსიტყვაობ. მირჩევნია, კაცი ბილწსიტყვაობდეს და ალალ-მართალი იყოს, სამშობლო უყვარდეს და მართლა ოცნებობდეს, რომ მსოფლიოში საზოგადოება იყოს და არა – ბრბო, ვიდრე – “ვითომ წესიერი” იყოს და ერთსქესიანთა ქორწინებას ტაშს უკრავდეს! მგონი, ამაზე დიდი სიბილწე და საზიზღრობა არაფერია!

– ბილწსიტყვაობის მოყვარულ ქალებზე რას ფიქრობთ?

– ყველა უნდა დახვრიტო! როგორ შეიძლება, ქალი ბილწსიტყვაობდეს? ის რაღა ქალია? ის არის ნაგავი!

– იქნებ მაგალითს კაცები აძლევენ?

– კაცები? ნახევარზე მეტი “პედარასტები” არიან და რა თქმა უნდა, ყველაფერში მაგალითს აძლევენ!

– როგორც ვიცი, ია ფარულავას დიდ პატივს სცემთ. არადა, უხამს გამოთქმებს ისიც ხშირად იყენებს.
– ია ჩემი შვილობილია და ძალიან მიყვარს. ის უხამსს არაფერს ამბობს. უბრალოდ, ხალხის ყურადღების მისაპყრობად ლაპარაკობს.

– ანუ ხალხის ყურადღების მისაპყრობად გინება გამართლებულია?

– არა, ია არასოდეს იგინება. უბრალოდ, ამბობს: – სექსი-კექსიო და მისთანები…

– სოციალურ ქსელში “კეთილმოსურნეებს” ხომ აგინებდა?..

– როცა შეგაგინებენ, შენც შეაგინებ. კაცი იქნება თუ – ქალი, მნიშვნელობა არ აქვს!

კოტე თოლორდავა, მსახიობი:

– არსებობს როლები, რომლისთვისაც მსახიობებს ბილწსიტყვაობა გვიწევს, მაგრამ ამავე დროს, ხმამაღლა ვაცხადებ: “ძირს ბილწსიტყვაობა!” რაც უფრო გალანტურად, ელეგენტურად და ინტელიგენტურად ვისაუბრებთ, მით უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის.

– წინათ, ტელეეთერში უხამს სიტყვებს “ბლოკავდნენ”. ახლა ასე აღარ იქცევიან.

– ჩვენ ხომ საბჭოთა კავშირში აღარ ვართ? დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ვისაც ამა თუ იმ ტიპის ფილმის ყურება არ უნდა, სხვა არხზე გადართოს. ცხადია, “თაიმცენზი” უნდა არსებობდეს.

ქეთი ორჯონიკიძე, მომღერალი:

GzaPress– ბილწსიტყვაობა არ მიყვარს, ეს ცუდ ტონად მიმაჩნია. შესაძლოა, უცენზურო გამოთქმა წონასწორობიდან გამოსულმა ვთქვა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ იშვიათად ხდება. ჩემი აზრით, უწმაწურ სიტყვებსაც თავისი კლასიფიკაცია აქვს: არსებობს მაღალი და დაბალი დონის უწმაწური გამოთქმები (იცინის)…

– შენი აზრით, ცნობილი ადამიანები საჯაროდ რატომ ბილწსიტყვაობენ?

– საკმაოდ თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ არსებობს ტაქტი, ზრდილობა… მაყურებლებს პატივი უნდა სცე – ისინი ხომ “დიალოგში ვერ შემოდიან”? ამიტომ “ოქროს შუალედი” უნდა დაიცვა. შეიძლება, რაღაც ყველას წამოსცდეს – ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ უხამსი სიტყვების გამიზნულად გამოყენება (თან, როცა იცი, რომ ტელევიზორს ბავშვებიც უყურებენ), დაბალი ხარისხის პიარის მოყვარულობის მაჩვენებელია.

ირინა ტაბუცაძე, ფსიქოლოგი, პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტ “პიკის” დირექტორი:

– არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც მხოლოდ ადამიანი კი არ ქმნის ენას, არამედ – ენა ქმნის ადამიანს ანუ – პიროვნებას როგორი ლექსიკური მარაგიც აქვს, იმ დონეზე აზროვნებს. ლექსიკური მარაგის დეფიციტის შემთხვევაში, მისი “ამოვსება” ბილწი სიტყვებით ხდება. აღშფოთებისას და გაბრაზებისას გინებას რაც შეეხება: ქართულ ენისთვის მკვეთრი, გულიდან ამოსული თანხმოვნებია დამახასიათებელი. აკაკი წერეთლის სიტყვებს გაგახსენებთ: “რუსები ამბობენ – “ლიუბლიუ”, მხოლოდ ტუჩებით და ენის წვერით ეხება კბილებს; სომეხი ამბობს – “სირუმემ”, ისიც ტუჩებს ამოძრავებს და ენას არ აწუხებს; ფრანგი იტყვის – “ჟევუზემ” ოდნავ ტუჩებით, ნაზად; ქართველი სულ სხვანაირად გამოთქვამს: – “მიყვარხარ”, ის მთელ გულმკერდს ამოაყოლებს ამ სიტყვას. გაუჩერდება ყელში და თითქოს მას ახრჩობს ეს გრძნობა სიყვარულისა”. დაახლოებით იგივეა გინებაშიც (იცინის). გინებაში მხოლოდ ცუდი არ უნდა დავინახოთ: სერიოზული აგრესიის დროს ალბათ, ფიზიკურ დაპირისპირებას ჯობია, იგინებოდე.

– როგორ ფიქრობთ, მშობლები ბავშვებს ადრეულ ასაკში გინებას რატომ ასწავლიან?

– რატომღაც მიიჩნევენ, რომ გინება მამაკაცისთვის ვაჟკაცურობის გამომხატველია. ბავშვი თუ იგინება, თითქოს სასაცილოა, მაგრამ – მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე: 3 წლის ბავშვი რომ იგინება, სიამოვნებთ და უხარიათ; სკოლის მოსწავლე რომ ანალოგიურად იქცევა, შეიძლება, სცემონ. ბავშვიც ვეღარ იგებს, რა არის ნებადართული და რა – აკრძალული… ასევე, იმ ოჯახში, სადაც ქრონიკულად იგინებიან, ცხადია, ბავშვიც იმავე ლექსიკით ისაუბრებს. შვილი მშობლის ქცევას ითვისებს.

Comments

comments