ბევრ ნიჭიერ მსახიობს ”არ აფასებენ, ახალი სახეების მოძებნაც ეზარებათ…”

81
SHARE

მსახიობი მაია დობორჯგინიძე წარმატების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს. მისივე თქმით, დღეს ბევრი არამსახიობი ცდილობს ამ პროფესიით მუშაობას, ზოგს გამოსდის, ზოგს – ნაკლებად. მაია იმის მომხრეა, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

– როგორ შევაყვაროთ ბავშვებს თეატრი?
– როგორც კი ცოტა წამოიზრდებიან, თეატრში უნდა წავიყვანოთ. ჩემი შვილი, გაბრიელი, ძალიან ცელქი იყო, სანამ 5-6 წლის არ გახდა, სპექტაკლებზე ვერ დამყავდა. ახლა არა მარტო პატარებისთვის, არამედ მოზრდილებისთვის განკუთვნილ დადგმებსაც ესწრება, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე. ეს გაბრიელს ადაპტაციაში ეხმარება.
ბილეთების შეძენა ფინანსებზეა დამოკიდებული. ხანდახან ადამიანები ვერ ახერხებენ თანხების გამოყოფას, ეს გასაგებია, თუმცა სიზარმაცის გამო ბავშვის თეატრში არწაყვანა სწორად არ მიმაჩნია. ზოგჯერ, სამწუხაროდ, დედ-მამა ფიქრობს, რომ სპექტაკლების ყურება საჭირო არ არის, მაშინ, როდესაც რეალურად თეატრი ბავშვის ბუნებასა და ინტელექტზე დადებითად მოქმედებს.
შვილის დაინტერესება მარტივია, ყველა ბავშვს ჰყავს საყვარელი პერსონაჟი. თუ მას ეტყვით, რომ რჩეული გმირის სანახავად მიგყავთ, აუცილებლად სიხარულით დაგთანხმდებათ.

– ბევრი ოცნებობს მსახიობობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია ნაკლებად ანაზღაურებადია.
– ბევრი პროფესიით არამსახიობი მართლაც ცდილობს ”იმსახიობოს” და გამოჩნდეს ეკრანზე. ზოგს კარგად გამოსდის, ზოგს – არა. ვფიქრობ, ადამიანში დევს პოპულარულობისა და აღიარების ჟინი. ჩვენ ბობოქარი და ცეცხლოვანი ერი ვართ. ამასთან ერთად, მიაჩნიათ, რომ მსახიობობა მარტივია. მოგვიანებით კი შეხედულებები რადიკალურად ეცვლებათ, ხვდებიან, რომ ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ძნელია.
ასე თუ ისე, ადამიანს ყოველთვის ეტყობა, აქვს თუ არა გავლილი სამსახიობო სკოლა. მე მგონია, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ჩვენ ხომ არ მივდივართ და არ ვატარებთ ოპერაციებს?!

– რა შემთხვევაში შეუძლიათ დამწყებ მსახიობებს ადვილად თავის დამკვიდრება?
– თავის დამკვიდრება არასდროსაა ადვილი, თუმცა თუ სერიალში მონაწილეობ, უცბად ხდები პოპულარული. ეს ის წარმატებაა, რომელიც სწრაფად მოდის და მიდის. თავის დასამკვიდრებლად, ეკრანზე თამაშის პარალელურად, ხალხის გონებაში შენ მიერ შექმნილი თეატრალური როლებიც უნდა არსებობდეს.

– რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი ნიჭიერ მსახიობად?
– პირადად ჩემთვის ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს. არ ვგულისხმობ სილამაზესა და მოდელის პარამეტრებს. რაღაც განსაკუთრებულ ნაპერწკალს უნდა ატარებდეს. ნიჭიერ მსახიობს თითქმის ყველა როლი კარგად უნდა გამოუვიდეს. შეცდომებს ძნელად, მაგრამ მაინც ვპატიობთ, სხვა კარგად შესრულებული სპექტაკლების გამო. ნიჭი თანდაყოლილია, მას ვერ შეიძენ, ისევე, როგორც გემოვნებასა და ზომიერების გრძნობას. ჩვენს სფეროში სამივე აუცილებელია.

– არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ, კარიერას ამჯობინებთ ოჯახს?
– თეატრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, მაგრამ თუ ოჯახს დასჭირდება, დავთმობ, მე ხომ დედა ვარ. ოჯახისა და კარიერის შეთავსება რთულია, იმავდროულად საინტერესოც.

– ამბობენ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ერთად ვერ გექნება. თქვენ რა გაკლიათ?
– თავისუფლება. ჩემთვის თავისუფლება არის საყვარელი საქმისთვის იმაზე მეტი დროის დათმობა, ვიდრე ახლა შემიძლია.

– რა არის წარმატების ფორმულა?
– პირველ რიგში, ვიტყვი, რომ წარმატების ფორმულა არ არსებობს. აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ პროფესია, ის სფერო, რომელში მოღვაწეობაც გსურთ. ამას უნდა დაემატოს ნიჭი.

– უნიჭოებიც აღწევენ წარმატებას…
– მიზანდასახულობითა და შრომით ახერხებენ კარიერაში წინსვლას, თან, ადამიანს უნდა გაუმართლოს და აღმოჩნდეს ზუსტად იქ და იმ დროს, სადაც საჭიროა.

– ნაცნობობას დიდი მნიშვნელობა აქვს?
– ნაცნობობით არასდროს მისარგებლია, რადგან მორიდებული ვარ. ზოგადად, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში საჭირო და სასურველია. ეს ყველაფერს უფრო აადვილებს.

– კინოინდუსტრიასა და თეატრში შანსს ყველას აძლევენ?
– არა. ბევრ ნიჭიერ მსახიობს არ აფასებენ. ახალი სახეების მოძებნაც იმიტომ ეზარებათ, რომ უნდა ასწავლონ, დაიხარჯონ, ენერგია, დრო და ფინანსები ჩადონ მასში. მზა პროდუქტთან მუშაობა უფრო ადვილია. მე, პირიქით, მივესალმები დამწყებ მსახიობებთან მუშაობას. ვფიქრობ, რომ ძველზე უფრო ნიჭიერის აღმოჩენა შეიძლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი უნდა დავივიწყოთ. შეიძლება, ორი თაობის თეატრალური შესაძლებლობები თავისუფლად შევათავსოთ.

– გამოცდილებამ რა გასწავლათ?
– ყველაფერზე არ უნდა აფეთქდე. მიმტევებელი და დიდსულოვანი უნდა იყო. საკუთარ ემოციებზე მაღლა დადგომა უნდა მოახერხო. სიდინჯე ხან გამომდის, ხან – არა, რადგან ემოციური ვარ.

– რა არის აუცილებელი პიროვნებისა და მსახიობის ჯანსაღი განვითარებისთვის?
– მსახიობი, პირველ რიგში, პიროვნებაა. შესაბამისად, ჩამონათვალი ორივეზე ერთნაირად ვრცელდება. აუცილებელია ჯანსაღი გარემო, რაშიც მოიაზრება სიმშვიდე, სიყვარული, მატერიალური უზრუნველყოფა, სილამაზის აღქმის უნარი, ბუნებასთან ახლო და ხშირი კონტაქტი, ბედნიერებისკენ სწრაფვა.

– რომელიმე როლში შესვლა გაგჭირვებიათ?
– არა. დღეს მსახიობები თანამედროვე მიდგომებით ასრულებენ როლებს. ადრე ძალიან ეფლობოდნენ თითოეულ გმირში, კბილსაც კი იძრობდნენ, სპექტაკლამდე 7 საათით ადრე მიდიოდნენ და ემზადებოდნენ, ახლა ერთი საათიც საკმარისია.

– როგორ გგონიათ, ეს რისი ბრალია?
– ცხოვრება მიდის ჩქარი ტემპით. თეატრში მისვლამდე გადაღებები გვაქვს. ერთი როლიდან მეორეზე სწრაფად უნდა გადავერთოთ.

– განსაკუთრებით ტკბილად ცხოვრების რომელი ეტაპი გახსენდებათ?
– თითოეული წარმატებულად შესრულებული როლი და დადგმული სპექტაკლი ჩემთვის ტკბილი მოგონებაა.

 

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი