ახალგაზრდა ქართველი ცოლ-ქმარი, რომელიც 3 წლის ბავშვთან ერთად მოგზაურობს

194
SHARE

ალბათ ყველა მშობელს არ შეუძლია რვა თვის შვილთან ერთად ლაშქრობაში წასვლა და მთების დაპყრობა. ტურიზმის განვითარების ცენტრის სოციალური მედიის მენეჯერი მარიამ სეხნიაშვილი უკვე წლებია მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მოგზაურობს. მათი ისტორია, თავგადასავლები შთამბეჭდავი, ამაღელვებელი და განსაკუთრებულია. პატარა ელენე მხოლოდ სამი წლისაა და მშობლებთან ერთად ნახევარი საქართველო აქვს მოვლილი.

– მე და ჩემი მეუღლე უკვე შვიდი წელია ერთად ვმოგზაურობთ. გაცნობის დღიდან თავგადასავლების ძიებაში ვართ. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით და მას შემდეგ რაც დავოჯახდით უფრო აქტიურად დავიწყეთ მოგზაურობა. უფრო მეტიც, გადავწყვიტეთ ჩვენი
რამდენიმე წლიანი მოგზაურობის გამოცდილება გაგვეზიარებინა სხვებისთვისაც და იქიდან გამომდინარე, რომ მე ვიდეოგრაფი ვარ და ჩემი მეუღლე ფოტოგრაფი, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი „იმოგზაურე ჩვენთან ერთად“. ამ პროექტის ფარგლებში ახლიდან მოვიარეთ საქართველო და გადავიღეთ სხვადასხვა კუთხის საიმიჯო ვიდეო და ასე საშუალება მივეცით ჩვენს მაყურებელს ვირტუალურად ემოგზაურათ ჩვენთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
მას შემდეგ, რაც ჩვენი გოგონა გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ისიც შემოგვიერთდა და ხშირად დაგვყავს ჩვენს მოგზაურობებში. ახლა ის სამი წლისაა და ნახევარი საქართველო უკვე მოვლილი აქვს.
ბოლო რამდენიმე წელია დავიწყეთ ვლოგების ჩაწერაც, როგორც ქართულ, ისევე ინგლისურ ენაზე,რომლის საშუალებითაც ვაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას და რჩევებს საქართველოში მოგზაურობის შესახებ. ასევე, პარალელურად ვმუშაობ ტურიზმის განვითარების ცენტრში და მოკლედ რომ ვთქვათ მოგზაურობა და ტურიზმი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

– როგორც აღნიშნეთ, თქვენ და თქვენი მეუღლე აქტიური მოგზაურები ხართ. რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მცირეწლოვანი შვილიც გამხდარიყო თქვენი მეგზური?
– მოგზაურობა იმდენად უზარმაზარ დადებით ემოციებს იწვევდა ჩვენში, რომ გვინდოდა ეს საოცრად პოზიტიური განცდა ჩვენი შვილისთვისაც გაგვეზიარებინა. ასევე ვთვლი, რომ მოგზაურობაშვილის სწორად აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. ის კარგია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე გონებრივი განვითარებისთვის. ბავშვი იღებს უამრავ ინფორმაციას, შეიცნობს ახალ გარემოს, იყვარებს და იწყებს მასზე ზრუნვას. ამავე დროს ნაკლებად არის დაკავებული კომპიუტერით, ან თუნდაც ტელევიზორით. ბავშვი სუფთა ჰაერზე შეიცნოს იმ გარემოს, რომელიც ტელევიზორში უნახავს ან თუნდაც წიგნებიდან ამოგვიკითხავს მისთვის.

– პირველად როდის წაიყვანეთ ლაშქრობაში?
– ძალიან ადრე დავიწყეთ ჩვენი შვილის აქტიური მოგზაურობით ცხოვრება. უკვე სამი თვიდან ერთდღიან პატარა მოგზაურობებში დაგვყავდა. მაგრამ პირველად დიდ ლაშქრობაში წავიყვანეთ კახეთში, გურგენიანის ჩანჩქერზე. მაშინ ელენე იყო რვა თვის. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან არ ვიცოდი ამ ყველაფერს როგორ გავუმკლავდებოდით. ვინც ნამყოფია ამ ადგილას, იცის თუ როგორი რთული მარშრუტია. ვინც არ არის ნამყოფი ვეტყვი, რომ გიწევს რამდენიმე საათი ფეხით სიარული საკმაოდ რთულ გზაზე.
გაჭირვებით ნამდვილად არ გაგვჭირვებია, პირიქით იმდენად მახარებდა ჩემს შვილთან ერთად ახალი ადგილების აღმოჩენა, რომ დაღლა თითქმის არ მიგრძვნია. ელენეც ძალიან კმაყოფილი ჩანდა, უხაროდა თავგადასავლები.

– ალბათ ამ დროს ბუნებრივ კვებაზე იყო. როგორ ახერხებდით მის გამოკვებას, დაძინებას და ა.შ.?
– ამ დროს უკვე ხელოვნურ კვებაზე იყო და თან მქონდა წაღებული თერმოსით ცხელი წყალიც და რძეც. ვფიქრობ, ჩვენს დროში იმდენად გამარტივებულია ყველაფერი, რომ დედებს ნამდვილად არ გაუჭირდებათ ბავშვის მოვლა „საველე პირობებშიც“ კი. დაძინებას რაც შეეხება გზადაგზა ეძინა ხან მამიკოს მხარზე, ხან კი დედიკოს მკლავებში.

– მართალია ჯერ პატარაა, მაგრამ შემეცნებით გაკვეთილებს თუ უტარებთ ლაშქრობის დროს? რა აქტივობებით ხართ დაკავებული?
– აუცილებლად, შემეცნებითი გაკვეთილების გარეშე ჩვენი მოგზაურობა წარმოუდგენელია. ვცილობ ავუხსნა და ვასწავლო ყველაფერი. თუნდაც, როგორ და საიდან ჩნდება წვიმა, ან ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ.ვაძლევ პრაქტიკულ რჩევებს.როგორ აიაროს აღმართი სწორად, მალე რომ არ დაიღალოს და კიდევ უამრავი რამ. რათქმაუნდა ეს ყველაფერი ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, თამაშ-თამაშით და რაც მთავარია მისთვის საინტერესო ინტერპრეტაციებით. მთავარია ცოტაოდენი ფანტაზია და დამიჯერეთ ბავშვს მისთვის საოცნებო ზღაპარში ამოგზაურებთ ისე, რომ თქვენც კმაყოფილი იქნებით და თქვენს პატარასაც არასოდეს დაავიწყდება აღნიშნული მოგზაურობა.
– ყველაზე შთამბეჭდავი დღე, ლაშქრობა გაიხსენეთ, რაც ერთად გაგიტარებიათ?
– ჩვენთვის ყველა მოგზაურობა განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია. მიჭირს გამოვყო რომელიმე, თუმცა შემიძლია გავიხსენო ერთ-ერთი საკმაოდ სახალისო მოგზაურობა, როდესაც სვანეთის მთებში წავედით ერთ-ერთი ანიმაციური ფილმის პერსონაჟის „თოვლის გუნდას“ მოსაძებნად. ეს იყო გასულ წელს, გადავწყვიტეთ დაგველაშქრა ჭალაადის მყინვარი, რომელიც სვანეთში მდებარეობს დაჩვენმა შვილმა რატომღაც უშბა მულტფილმში ნანახ თოვლის გუნდას მთებს მიამსგავსა და მთელი მოგზაურობა ვცდილობდით მოგვეძებნა ეს პერსონაჟი. საკმაოდ ხალისიანი და დასამახსოვრებელი ლაშქრობა გამოგვივიდა.
ზოგადად სულ ვცდილობთ ჩვენი მოგზაურობები (რომელსაც ჩვენ შვილთან ერთად ვგეგმავთ), რომელიმე ზღაპრის გარემოს მივამსგავსოთ და ასე სპეციალურად მისთვის გავაცოცხლოთ და ვამოგზაუროთ მისთვის საყვარელ ზღაპრებში. ბავშვებთან მოგზაურობა საკმაოდ რთულია. აუცილებელია, რომ იგი დაინტერესდეს მოგზაურობით და მოსაწყენი არ გახდეს ეს პროცესი, წინააღდეგ შემთხვევაში ნამდვილად გაგიჭირდებათ ბავშვის სამოგზაუროდ ან თუნდაც ლაშქრობაში წაყვანა.ამავე პრინციპით მოვინახულეთ წითელქუდას ტყეც, რომელიც შოვშია და ასე შემდეგ.

– სახიფათო არ არის სამი წლის ბავშვის ლაშქრობაში წაყვანა?
– კი, რა თქმა უნდა რისკები არის, მაგალითად რომ გაცივდეს, ან თუნდაც რაიმე იტკინოს, თუმცა ამით არც ქალაქში და არც სახლში არ ვართ დაზღვეული. უბრალოდ ამ შემთხვევაში გაათმაგებული ყურადღებაა საჭირო. თუ ყველაფერს თავიდანვე სწორად დაგეგმავთ და გაითვალისწინებთ, რისკები საგრძნობლად მცირდება.
– რა მარშრუტი და რა სირთულის ლაშქრობა უნდა შეარჩიოს დედა, რომელიც შვილებთან ერთად მიდის ლაშქრობაში?
– ვფიქრობ პირველ ჯერზე, ერთ დღიანი ლაშქრობა მარტივი მარშრუტით ყველაზე კარგია. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და მათი ამტანობაც ამის მიხედვით განისაზღვრება.
პირველი ლაშქრობისას გამოჩნდება ძლიერი და სუსტი მხარეები და ამის შემდგე უფრო ორგანიზებულად დაგეგმავთ შემდეგ ტურს, რომელიც უკვე რამდენიმე დღიანი იქნება.მაგრამ თუ მაინცდამაინც პირველივე ჯერზე გსურთ ორ დღიან ლაშქრობაში წასვლა, გირჩევთ ეცადოთ აირჩიოთ ქალაქთან ახლოს, რომელიმე მშვიდი ლოკაცია, რადგან ასეთ დროს გაუთვალისწინებელი სირთულის შემთხვევაში ქალაქში დაბრუნება ან კომუნიკაცია ადვილი იქნება.

– რა ინვენტარი მიგაქვთ, როცა ბავშვთან ერთად მიდიხართ? რითი უნდა უზრუნველყოს მშობელმა ლაშქრობა და რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს?
– ჩემი აზრით პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ თავად მშობელი არ არის გამოცდილი მოლაშქრე, არ გარისკოს და რთულ მარშრუტზე არ წაიყვანოს პატარა, რადგან თავადაც შეიძლება არ იყოს მზად ამ ყველაფრისთვის. ასეთიშემთხვევისას სასურველია კარგად გამოცდილი მოლაშქრე თუ ეყოლებათ გვერდით. წასვლის წინ კარგად მოიძიეთ ინტერნეტში ან მეგობრებისგან იმ ადგილების და მარშრუტის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც გეგმავთ. მაქსიმალურად ყველასგან მიიღეთ რჩევები და მხოლოდ ამის შემდეგ წადით ლაშქრობაში. პირველი რაც ჩანთის ჩალაგებისას ვაკეთებ არის ის, რომ საგულდაგულოდ ვალაგებ პატარა ყუთს პირველადი დახმარების ნივთებით და წამლებით.მეორე – მზისგან დამცავი საშუალებები: კეპი, მზის სათვალე, მზისგან დამცავი კრემი.ყოველივე ეს, როგორცმშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის აუცილებელია, რადგან ღრუბლიან ამინდშიც კი შეიძლება მიიღო დამწვრობა.წყალი, საკვები და ბავშვისთვის საყვარელი სასუსნავები.ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევ ფეხსაცმელს, რომელიც საკმაოდ კომფორტული და ხარისხიანი უნდა იყოს. აუცილებლად წაიღეთ თბილი ტანსაცმელიც, მნიშვნელობა არ აქვს სად და რომელ სეზონზე აპირებთ წასვლას.

– არსებობს ეს კულტურა საქართვლოში ან რამდენად პერსპექტიულია და რა შეიძლება გაკეთდეს მისი პოპულარიზაციისთვის?
– რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ დავიწყეთ მოგზაურობა, ლაშქრობა არც თუ ისე პოპულარული იყო ჩვენს ქვეყანაში. მთაში მხოლოდ უცხოელ ტურისტებს თუ გადავეყრებოდით და ადგილობრივებს რატომღაც ჩვენც უცხოელები ვეგონეთხოლმე. დღესდღეობით საქართველოში საკმაოდ პოპულარულია ლაშქრობა და ძალიან ბევრი მიმდევარიც ჰყავს. დღეს, ერთეულები თუ მახსენდება, რომელიც შვილთან ერთად დადის ლაშქრობაში დავფიქრობ რამდენიმე წელში ეს ტენდენციაც გავრცელდება და მეტი მოლაშქრე ოჯახი იქნება. ხელის შეწყობას რაც შეეხება მეტი ინფორმაციაა საჭირო მისი პოპულარიზაციისთვის და რაღაც კუთხით ჩვენი პროექტიც ამას ემსახურება. ჩვენი თითოეული მოგზარურობის შესახებ ვიღებთ ფილმებს და რეალურად ვაჩვენებთ თუ რა კარგია შვილთან ერთად მოგზაურობა და შენი ქვეყნის აღმოჩენა.

წყარო:https://www.mshoblebi.ge

Comments

comments