ახალგაზრდა პოეტის ემოციური ლექსი ბორჯომის ხეობას – “ჩემო ქვეყანავ, იწვის დრო და მეწვის სინდისი”

514
SHARE

საქართველოში მიმდინარე სტიქიურ მოვლენებს და გადამწვარ ბორჯომის ხეობას ნინო ჭიქაშუამ ლექსი მიუძღვნა. ახალგაზრდა პოეტმა ბორჯომის ხეობის გადამწვარი ნაძვნარისადმი საკუთარი ემოცია ლექსში გამოხატა.
„ჩემო ქვეყანავ, ეს დღეებიც გადაივლიან,
როგორც – სხეულზე
ეს უღმერთო ნახანძრალები;
ჩამოისვენებს ტოტზე გული – ჩიტი ნიბლია,
დაოსდებიან ბრძოლის ჟინით ამორძალებიც…
ჩემო ქვეყანავ, იწვის დრო და მეწვის სინდისი,
თვალები, თმები, დახაზული ხელისგულები,
ახლა წარსულზე დანანებით ჰყვება ივლისი,
დამშრალ წყაროსთან ჩამუხლული, ნაერთგულევი…
შენს ფერდობებზე გავაფინე სევდის მანდილი,
ამ ხეებივით ნაცარტუტად მექცნენ სიტყვები,
შეგეშველები ჩემი ლოცვით და სინამდვილით,
ისევ თავიდან შეგიყვარებ, თავდავიწყებით…
სამშობლოვ ჩემო! მერამდენე სატკივარს გიმხელ,
სულ დარდად მყავხარ – ყველა გოჯი, ყველა მტკაველი…
გოროზ მთაგრეხილს მივადევნებ ნისლიან ფიქრებს,
მზე მზეობს მაინც – ერთადერთი და შენნაირი!
გადაივლიან, ეს დღეებიც გადაივლიან,
ვით ძლიერ მკერდზე – ნატერფალნი ამორძალების…
გულო, საგულეს ჩადგებოდე, ჩიტო ნიბლიავ,
დანელდებოდეთ, ტკივილებო ნახანძრალების!!!“

FB კომენტარები

კომენტარი