აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე – სამი წელი კრიზისის გარეშე

542
SHARE

ამ მორიელმა და კირჩხიბმა ზღვაზე დაიწყო ურთიერთობა. მას შემდეგ უკვე სამ წელიწად ნახევარი გავიდა. წყლის სტიქიის ნიშნებმა თავიდანვე დაინახეს და „იცნეს“ ერთმანეთი. ზოდიაქო რომ იქით გადავდოთ, წყვილი მიხვდა, რომ ერთი მთლიანია და ეს შეგრძნება დღემდე ურღვევია. აჩიკო რომ ნუცას ირთავდა ცოლად, პირველად ეს „პრაიმტაიმის“ მკითხველმა გაიგო. ჯვრისწერის კადრებიც ჩვენგან გავრცელდა. რაღა უნდა გითხრა ახალიო, იღიმება მსახიობი. ისევ ძველებურად ვართ შეყვარებული, დრო მალე გავიდაო, ამბობენ.

ნუცა ქავთარაძე:
– მეგონა, რომ გუშინ იყო ჩვენი ჯვრისწერა. არაფერი შეცვლილა, ეს ჩვენი გრაფიკის ბრალია, რომ დროის შეგრძნება დაიკარგა.
აჩიკო სოლოღაშვილი:
– ეს ზაფხული არ იყო კაცო? მე ასეთი შეგრძნება მაქვს. ვიცოდი, რომ ვინც მიყვარს მასთან ერთად ასე კარგად ვიქნებოდი. ჯერჯერობით ასე გრძელდება. კიდევ უფრო კომფორტულად ვარ, ვიდრე ვიყავი. იმდენად აწყობილია ჩვენი ურთიერთობა, ამაზე მეტი კომფორტი მე არ ვიცი. ყველაზე დიდი ფუფუნება რაც გამაჩნია, ეს ოჯახია.
ნუცა:
– ყველა ადამიანს სურს რაღაც პერიოდი თავის მეგობართან ერთად იცხოვროს. მე ვცხოვრობ ქმართან, მაგრამ, პირველ რიგში, მე ჩემს მეგობართან ერთად დავიწყე ცხოვრება. დღემდე ყველაზე დიდი ბედნიერებაა ის, რომ აჩიკო არის ჯერ მეგობარი, მერე შეყვარებული და მერე ქმარი. მეკითხებიან, როგორ გადალახეთ ოჯახური სირთულეებიო. გულახდილად ვამბობ, მსგავსი რამ არ მახსენდება. მესამე წელი რომ მოდიოდა, სულ ვფიქრობდი, ნეტა ახლა რა იქნება-მეთქი? არაფერიც არ იყო. პირიქით, ყოველდღე უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს და როგორც მეგობრები თანაცხოვრებას ვაგრძელებთ. ასე თუ გავაგრძელეთ, მგონია, რომ პრობლემა არასდროს გვექნება.
აჩიკო:
– ორივე ლიდერი ვართ, ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს და ჩვენსას ვაკეთებთ. მე, როგორც მსახიობი, სცენაზე პარტნიორის გარეშე ვერაფერი ვარ, ნუცა კი ჩემი ცხოვრების პარტნიორია. ერთმანეთს „პადაჩებს“ ვაწვდით. ჩვენი თანაცხოვრება კაშკაშაა, ზაფხულის ფერების. ჩვენი ურთიერთობაც ზაფხულში დაიწყო. ეს არის სეზონი, რომელზეც ვგიჟდები. მზე დადებითად მმუხტავს. ჩემს საყვარელ ზაფხულს კიდევ ცხოვრების საყვარელი ეტაპი მახსენებს. ამაზე ნაკლები ნურასდროს გვექნება და ფერს ნუ შეიცვლის ეს ყოველივე და მეყოფა მთელი ცხოვრება.
ნუცა:
– მე ძალიან არ მიყვარს ზამთარი, მცივანა ვარ. მაგრამ ჩვენი ურთიერთობის წყალობით ჩვენთან სულ ზაფხულია. მეც აღარ მცივა.
– ასეთ იდილიაში რომ ცხოვრობთ, როლები როგორ გადანააწილეთ?
ნუცა:
– ეს თავისთავად ხდება. როლები არ გადაგვინაწილებია. მე გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს საქართველოში ესმით. მე მინდა გვერდით მყავდეს კაცი და მას ვგრძნობდე. კაცი სულ უნდა ეცადოს, რომ თავი ქალად გაგრძნობინოს. მინდა სადღაც რომ შევდივარ, კარი გამიღოს და შემატაროს. აჩიკოს არასოდეს არაფერი შეშლია. ჩვენ შორის კამათიც ანგარიშგაწევით ხდება. ბოლოს იმ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რაც ორივესთვის კარგია.
აჩიკო:
– რომ ნახოთ, ჩვენს მესიჯებში, როგორც პირველ დღეს ისე მოდის და მიდის გულები… სიყვარული თავის დროზეც არ ამიხსნია. ეს უნდა აგრძნობინო. ეს შეგრძნება კი არის და იქნება.
ნუცა:
– მე ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. სულ მეგონა, რომ საპირისპირო სქესს უნდა მივეზიდე. უნდა აღმომეჩინა, რომ ის ჩემია. აჩიკოსთან ურთიერთობა რომ დავიწყე, თავიდანვე იმდენად ჩემიანად მივიღე, რომ გაცნობის მომენტიც არ მახსენდება. მგონია, რომ აჩიკო ჩემს ცხოვრებაში სულ არსებობს და რაღაცებს არ ვუყვები ხოლმე, ვთვლი, რომ ყველაფერი ისედაც იცის. როცა არ უნდა გავხედო, ზუსტად ვიცი, სწორად იგებს ჩემს გახედვას, ეს კი ჩემთვის ბედნიერებაა. კარგ ხასიათზე მყოფისთვისაც უკითხავს რა გჭირსო, რადგან მან იცის, არ გამოვხატავ, არ ვწუწუნებ, ვიცინი, მაგრამ სიცილის უკან შეიძლება არ ვიყო კარგად. თვალებში ჩახედვით ყველაფერს იგებს. ვერ წარმომიდგენია პრობლემა, რომელსაც ის ვერ მომიგვარებს, ან ერთად ვერ მოვაგვარებთ. ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ პრობლემა არ შეგვიქმნია, ყველაფერი ღიმილით გადაგვიგორებია.
აჩიკო:
– გრძნობა ბევრ რამეში გვეხმარება. პრობლემა სულ არის, მაგრამ როცა მახსენდება სახლში ვინ მელოდება, ბოდიში, მაგრამ ფეხებზე მეკიდება ყველაფერი. პრობლემა უფასურდება, რადგან ვიცი, რომ საყვარელ ადამიანს ჩავეხუტები და ერთად ყველაფერს გადავაგორებთ. დღევანდელი ცხოვრება სტრესული და არასტაბილურია, ამის შეგრძნება სულ მაქვს, გარდა პირადისა. ერთადერთი ნათელი წერტილი ნუცაა. ის დასაყრდენი ძალაა, ეს მატანინებს ყველაფერს.
ნუცა:
– „მთავარია, ჩვენ ვიყოთ ერთად კარგად“ – ამას რომ ამბობს, თითქოს თავისით მიდის ყველაფერი ის, რასაც ჩვენ პრობლემებს ვეძახით.
– ბოლოს სად „გაძვერით“ ერთად?
– აღდგომის წინა კვირას ორი დღით ბორჯომში „გავძვერით“. მოვახერხეთ, რადგან დიდი ხანია არსად ვყოფილვართ.
აჩიკო:
– ის ორი დღე ერთმანეთს დავუთმეთ. დავისვენეთ, წავედით რაბათის ციხის მოსანახულებლად. ის ორი დღე ორ კვირას უდრიდა. მერე ისევ დაბრუნდით და ერთმანეთით დავიწყეთ კვება. ჩვენ მანქანით სეირნობითაც ვიტვირთებით.

ტელეწამყვანი
ნუცა „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ დილის წამყვანია. ამიტომ მისი დილა 5 საათზე იწყება. აჩიკოს დილას კი ნუცას მიერ გამოცხადებული ინფორმაცია იწყებს.
ნუცა:
– სადამდეც „ვქაჩავ“ რომ აჩიკოსთან ერთად ყოფნა შევირგო, იქამდე მღვიძავს, ეს ხშირად ღამის ორ საათამდეა. რეალურად ღამეში სამი საათი მძინავს. დღისით ვცდილობ უძილობა ავინაზღაურო და უძილობის გამო მეგობრების ნახვაზე და აჩიკოსთან ურთიერთიერთობაზე უარი არ ვთქვა. ასაკიც მიწყობს ხელს, რომ ამ რეჟიმში ვიყო. აჩიკოს არ უყვარს მე რომ არ მძინავს. მაგრამ ძილში დროს ვერ ვხარჯავ, როდესაც ვიცი, რომ აჩიკოს სცალია.
– აჩიკო, შენ ახერხებ ნუცას ეთერის ყურებას?
აჩიკო:
– აბა რა. მერე ვწერ ჩემს აზრს. არასოდეს არ დამეზარება იმის თქმა, დღეს რა კარგი იყავი-მეთქი. ჩემი გამოფხიზლება ნუცათი ხდება, სანამ ავდგები, ვუყურებ ხოლმე. ნუცამ დამაწყებინა საინფორმაციოს ყურება.
ნუცა:
– აჩიკო მხოლოდ კომპლიმენტს არ მეუბნება, შენიშვნასაც მაძლევს. ობიექტურია და ჩემს კოლეგაზე არაერთხელ უთქვამს, ძალიან კარგი იყოო.
აჩიკო:
– დღეს არ ანათებდი, ჩამქრალი იყავი-მეთქი, მითქვამს. მას ჩვეულებრივი მოქალაქის თვალით ვუყურებ. როდესაც ამდენ ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებ და ერთი დადებითი ინფორმაცია გაქვს, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ პოზიტიურად მომაწოდო. დილა პოზიტივით მინდა დაიწყოს.
– ნუცა, უნებლიე შეცდომით გამოცხადებულ კონკურენტი არხის საინფორმაციო გამოშვების დასახელებას დღეს როგორ იხსენებ?
ნუცა:
– ეს იყო კურიოზი, რომელზეც ყველამ იცინა ჩემ გარდა. ეთერის შემდეგ 10 წუთი ეთერიდან არ გამოვდიოდი. მაგრამ რომ შევხედე ნიუსრუმში ყველა იცინოდა, მეც ამიტყდა სიცილი და ყველაფერმა გადამიარა. ოთხი წელი ვამბობდი „რუსთავი 2“-დან გაწუხებთ-მეთქი და ვხუმრობდი, ერთხელაც დავრეკავ და ეს წამომცდება-მეთქი. ამას დაერთო ისიც, რომ კადრს მიღმა ოპერატორმა მკითხა – შენ აქამდე „რუსთავი -2“-ში მუშაობდი, არაო? და მეც პირდაპირ ეთერში გამოვაცხადე 🙂
აჩიკო:
– პირდაპირ ეთერში დაზღვეული არავინაა. მაგრამ რატომღაც ცუდის დანახვა უფრო გვიადვილდება.
– ცნობილი ბაბუა, გოგი ქავთარაძე რას ამბობს კოლეგა სიძეზე?
ნუცა:
– გოგი ცდილობს იაროს აჩიკოს სპექტაკლებზე. მგონია, რომ ძალიან მოსწონს. გულშემატკივრობს. ნიშნობა გოგისთან გვქონდა სახლში და მან თქვა – ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა მოვლენები, ყველაზე მეტად არ მინდოდა ნუცა მსახიობს გაჰყოლოდა ცოლადო. ხუმრობით – ბუნებრივია. კიდევ ერთი მსახიობი გვეყოლება ოჯახშიო. ბაბუა ამაყობს ჩემით. როგორც პროფესიონალი რომ გავიზარდე, ვფიქრობ, იმის დამსახურებაა, ბავშვობაში თავზე ხელს ტყუილად რომ არ მისვამდენენ. თვითკმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ. თვითკრიტიკული ადამიანი ვარ.

ბექა
აჩიკომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ სრულიად ატიპიური სახე შექმნა. ბექას მსახიობის პიროვნებასთან არაფერი საერთო არა აქვს, თუმცა საოცრად თამაშობს ისტერიკულ პროდიუსერს. ბევრისგან გამიგია, რა ნიჭიერი ბიჭია, სპექტაკლში უნდა ვნახოო. უნდა ნახოთ, მოიხიბლებით.

აჩიკო:
– ვცდილობ, ჩემი გმირი იყოს განსხვავებული. რთულია მაყურებლისთვის საყვარელ სერიალში ახალი პერსონაჟის შექმნა. სახასიათო გმირის თამაში კიდევ უფრო რთულია. ეკრანზე ცოტაც კი ბევრი ჩანს. სულ ვნერვიულობ, მგონია, რომ თამაშს ვამეტებ. ჩემი კითხვები – ზედმეტი ხომ არ იყო-მეთქი, არ თავდება, ყველას ვუსვამ. მინდა, რომ სერიალში ისე დაელოდონ ბექას გამოჩენას, როგორც მე ველოდები სხვადასხვა გმირებისას.
ნუცა:
– ბექა ტიპიური ნიუსის პროდიუსერია. ძალიან მომეწონა, სხვა ამპლუაში ამოყო თავი, ძალიან კარგად შექმნა ტიპაჟი. რომ ვუყურებ, მგონია, რომ ნიუსში აქვს ნამუშევარი. რთულია ეთამაშა თან მკაცრი უფროსი, თან ადვილად სამართავი. მაგრამ თავი კარგად გაართვა. არა როგორც ცოლი, არამედ როგორც მაყურებელი ისე ვზივარ და ველოდები როდის გამოჩნდება ბექა, ძალიან მომწონს.
აჩიკო:
– ერთმა კოლეგამ მითხრა, შამპანურივით არის ბექა სერიალში – ამოშუშხუნდაო, მესიამოვნა… ეს თუ მოვახერხე, კარგია. „შუა დღეში“ ოთხი პროდიუსერია და მინდა, არ მინდა, მიწევს პროდიუსერებთან ურთიერთობა. ვცდილობ ისეთი რაღაცები მოვიგონო, რომ ყველა პროდიუსერმა თავის თავში მსგავსი რაღაც იპოვოს. რამდენიმემ მკითხა – მე მთამაშობო? არც ვიცი ისინი აფექტის დროს როგორები არიან, ბექა კი ძირითადად აფექტური ტიპია. ვცდილობ ირონიით გავაკეთო. მე ისე არ ვბილწსიტყვაობ, როგორც ბექა. ხან ვამატებ, ხან ამოვიღებ. სცენარში ეწერა, თქვენ ხომ არ გამო…ვდით სუყველა და მე გადავაკეთე – თქვენ ხომ არ ჩამო…ვდით. გასტ…ნიათ პატრონიც ჩემია. თან მსახიობებს ვეუბნები 🙂 ერთადერთი დისკომფორტი ის მაქვს, რომ სულ ერთ ოთახში ვარ, მინდა გარეთ გავიდეს. მაინტერესებს ამ გმირის სამსახურის გარეთ ცხოვრება. ასეთი აფექტური და გიჟი კაცი მაინტერესებს როგორია. მიფიქრია და მგონია, რომ ბექა იოგაზე დადის, იქ გიჟივით სხვადასხვა პოზაში იწელება და თავს ასე იმშვიდებს.

რძალი
– აჩი, „იქსფაქტორის“ წამყვანი აღარ ხარ, საცეკვაო ნომრებსაც არ დგამ?
– ეს თემა ჩემთვის მტკივნეულია, ამიტომ მე მასზე არ ვსაუბრობ. ცუდად მომექცნენ. ის ორი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი. ასეთი ტკივილის შეგრძენა აქამდე რას მოუყენებია, ვერ ვიხსენებ. ალბათ, ეს ეტაპიც უნდა გადამელახა. სულ კარგად ყოფნა ხომ არ შეიძლება? 🙂
– შვილზე ჯერ არ ფიქრობთ?
ნუცა:
– ჯერ არა. ცოტა დრო გვაქვს ერთმანეთისთვის. და შვილისთვის ძიძის წასვლის შემდეგაც ხომ უნდა გქონდეს დრო? 🙂 შვილის სხვისთვის გაჩენა არ მინდა. ერთმანეთს რომ უკეთ შევირგებთ, შვილზე მერე ვიფიქრეთ. ყველა რომ ამ თემაზე გვეკითხება, აჩიკომ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, ჯერ არ ვაპირებთ და როცა დავაპირებთ, გაგაგებინებთო.
– ჟურნალისტი რძლის ყოლა არ არის ადვილი.
ნუცა:
– მე ვამბობ, მარინას ადგილას ამდენ ხანს რძალს გავაგდებდი-მეთქი. რძლად ვერ გამოვდექი. სამაგიეროდ მეუბნებიან, მესამე შვილად მიგიღეთ და ეს კიდევ უფრო დიდი კომპლიმენტია, ვიდრე კარგი რძალი. სახლში მისულს სითბოთი მხვდებიან. ოღონდ რაიმეთი მასიამოვნონ. ჩემი დედამთილიც ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბია და ერთმანეთს კარგად ვუგებთ. რაღაცას რომ „გავაფუჭებთ“, ვამბობთ, მოდი, აჩიკოს არ ვუთხრათო 🙂
აჩიკო:
– ამაზე არაერთხელ მიეჭვიანია. მგონია, რომ ნუცა უფრო უყვართ. სახლში მარტო რომ შევდივარ, მეკითხებიან – ნუცა სად არისო? ამას ისეთი სითბოთი კითხულობენ, რომ… მოკლედ, ეჭვიანი და ეგოისტი ვარ. ყველაფერში იგრძნობა, რომ ნუცა მათთვის წმინდაა.

წყარო: http://primetimenews.ge

FB კომენტარები

კომენტარი