“ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია” – რატომ იყენებენ საბავშვო მულტფილმებს პოლიტიკური პროპაგანდისთვის​

259
SHARE

ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვებისთვის განკუთვნილი ქართულად ნათარგმნი ანიმაციური ფილმები მათი ასაკისთვის შეუფერებელ ტერმინებს შეიცავს და პოლიტიკური პროპაგანდის ხასიათსაც ხშირად ატარებს.
იმ ასაკში, როდესაც პატარებს თავად არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, თუ რას უყურონ, მშობელი მათ, შემთხვევითი შერჩევის წესით, ისეთ მულტფილმს ურთავს, რომლის შინაარსს ხშირად არც კი აკვირდება.
ასეთ დროს ფსიქოლოგები მშობლებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ მულტფილმის შინაარსს საგულდაგულოდ გაეცნონ. მათივე მტკიცებით, მულტფილმებში გაჟღერებული პოლიტიკური ტერმინები, გარკვეულწილად, ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება, რასაც პატარების ფსიქიკა ეწირება.
პოლიტიკური პროპაგანდის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ბრედ ბერდის ქართულად ნათარგმნი ანიმაციური ფილმი „სუპეროჯახია“, რომელიც საქართველოს კინოთეტარებში 2004 წელს გამოჩნდა. მულტფილმი მოგვითხრობს ოჯახზე, რომლის გმირებიც ქართულ რეალობაში არსებულ პროტოტიპებს ასახიერებენ. 14793985_1110360732346259_859818706_n
მულტფილმის გმირები პოლიტიკურ ტერმინოლოგიებსაც ხშირად იყენებენ. ერთ-ერთი გმირის ფრაზა, რომელიც ყველასთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ასე ჟღერს: „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“.
ფსიქოლოგი დიანა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მულტფილმი, რომელიც რაიმე სახის პროპაგანდას ეწევა, ფსიქოლოგიური ძალადობაა, რაც მოზარდისა თუ პატარას ფსიქიკაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს.
„ყველანაირი პროპაგანდა უკვე ფსიქოლოგიური ძალადობაა. ბავშვს, რომელიც გარკვეულ ასაკში იწყებს პიროვნულ განვითარებასა და გარკვეული ღირებულებების გადაფასებას, არ შეიძლება ნებისმიერი შინაარსის მულტფილმი ჩაურთო და ამ ფორმით დააწყნარო.
საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი პოლიტიზებულია, შესაბამისად, ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები ხშირად ექცევიან მშობლების ზეგავლენის ქვეშ. 5 წლის ბავშვმაც კი იცის, ვინ ვინ არის. არადა, მის ასაკში იმდენი შემეცნებითი რამ უნდა ისწავლოს, სულაც არ არის აუცილებელი და საჭირო, მან იცოდეს ვინ არის მიშა. ეს ყველაფერი სამწუხაროდ, მოქმედებს ჩვენი სოციუმის განვითარების დონეზე.
რომ ვთქვათ, პოლიტიკური ტერმინები ბავშვის ფსიქიკისთვის დამანგრეველი არის-თქო, ვერ ვიტყვით, ხშირად მას არც ესმის იმ სიტყვების შინაარსი, რასაც ამა თუ იმ მულტფილმის გმირი ამბობს, თუმცა მიზანშეწონილი, რა თქმა უნდა, არ არის. სჯობს ბავშვს რაც შეიძლება მეტი შემეცნებითი გარემო შევუქმნათ.
მშობელი ხშირად ცდება, როდესაც მულტფილმის შინაარსს არ აკვირდება და შემთხვევითი არჩევის პრინციპით ურთავს ბავშვს მას, სადაც პოლიტიკურ პროპაგანდაზე მეტად დამანგრეველი სცენა შეიძლება იყოს ასახული, რომელიც მეტად დამანგრეველია ბავშვის ფსიქიკისთვის, ვიდრე პოლიტიკური ტერმინების გამეორებაა“,-აცხადებს ფსიქოლოგი დიანა ნიკოლაიშვილი „კვირასთან“ საუბრისას.
qali
აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ასაკში ბავშვები თავად ირჩევენ რას უყურონ და ინტერნეტში განთავსებულ ნებისმიერ მულტფილმზე მიუწვდებათ ხელი. ვინ აკონტროლებს ინტერნეტსივრცეს და როგორ ხდება ცენზურის დაწესება, ამ კითხვებით „კვირამ“ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ირინა ვერძეულს მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპული გამოცდილების და დემოკრატიული საზოგადოების მიერ საჯაროდ აღიარებული პრინციპების მიუხედავად, რომელსაც დღეს საზოგადოება ითვალისწინებს, ინტერნეტსივრცის გაკონტროლება შეუძლებელია.
მისივე თქმით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, ინტერნეტსივრცეში, ისევე, როგორც ტრადიციულ მაუწყებლობაში, მოთხოვნილია ფილმებისა თუ სხვა კონტენტის მარკირება, თუ რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი ესა თუ ის პროდუქტი. საქართველოში მსგავსი რეგულაცია ვებგვერდებზე განთავსებულ კონტენტზე ჯერ არ მოქმედებს. „ინტერნეტსივრცის გაკონტროლება შეუძლებელია. არსებობს ევროპული გამოცდილება და დემოკრატიული საზოგადოების მიერ საჯაროდ აღიარებული პრინციპები, რომელსაც ვითვალისწინებთ: შესაძლებლობების გაძლიერება, რაც გულისხმობს, რომ ბავშვებისათვის ონლაინ რისკების შეფასებასა და შემცირებაში უპირატესი როლი მშობელს აკისრია.
სხვა დაინტერესებული მხარეები მხოლოდ ეხმარებიან და აძლიერებენ მშობლის შესაძლებლობებს. პროპორციულობა და ფუნდამენტური უფლებები – შემუშავებული პოლიტიკა უნდა იყოს მოსალოდნელი რისკის პროპორციული, ეფექტური და დაბალანსებული. არ უნდა ზღუდავდეს შესაძლებლობებსა და სარგებელს ბავშვებისათვის და სხვა მოქალაქეებისათვის. უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს. მოქნილობა – ბავშვთა ონლაინ საფრთხეებისგან დაცვის პოლიტიკა უნდა იყოს ტექნოლოგიურად ნეიტრალური, ითვალისწინებდეს განვითარებას“,-განაცხადა ვერძეულმა.
თემურ კობახიძე ორი შვილის მამაა და ყოველთვის ცდილობს, შვილებს ისეთი პროდუქტი მიაწოდოს, რომელიც მათ პიროვნულ განვითარებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. იგი თლის, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი ანიმაციური თუ მხატვრული ფილმები, მათ ასაკთან აბსოლუტურად შეუსაბამოა.
„არ შეიძლება პოლიტიკურ მიზნებში ბავშვების გამოყენება. ასეთი “ხუმრობებით” ჩვენ ბავშვებს ვართმევთ ბავშვობას, რადგანაც პატარობიდანვე ხდება მათი პოლიტიზება და მათი ფსიქიკის გარკვეულწილად დამახინჯება“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას თემურ კობახიძემ.

FB კომენტარები

კომენტარი