“ასეთი შემთხვევა მუზეუმში აქამდე არ მომხდარა” – ვანდალიზმის შემთხვევა ილია ჭავჭავაძის მუზეუმში (ფოტო)

213
SHARE

სოციალურ ქსელში ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი პოსტს აქვეყნებს, ვანდალიზმის ფაქტის შესახებ წერს და”ფეისბუქპოსტს” ფოტოსაც ურთავს. მუზეუმის ადმინისტრაცია მოუწოდებს დამთვალიერებლებს, მოუფრთხილდნენ ექსპონატებს და არ შეეხონ მათ ხელით.

“ყველა მუზეუმს, მით უფრო, თუ ის მემორიალური ხასიათისაა, აქვს თავისი წესები, რომელთა დაცვაც – განურჩევლად მდგომარეობის, მრწამსის, შეხედულებებისა და წოდებისა – ყველა სტუმარს ევალება. დაუშვებელია ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში განთავსებული მემორიალური ნივთებისთვის ხელით შეხება, გადაადგილების მცდელობა, მათი რაიმე ფორმით გამოყენება, მით უფრო – ზედ დაჯდომა, თუ ამისათვის სათანადო ნებართვა არ არის გაცემული.

სურათი, რომელსაც ხედავთ, ზემოთ აღნიშნულ ყველა წესს არღვევს და ეწინააღმდეგება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი თვითნებობასთან გვაქვს საქმე. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდის მუზეუმში. ისინი ათვალიერებენ ნივთებს, ეცნობიან აქაურობას და გვტოვებენ. ილიას მუზეუმის თითოეული თანამშრომლის მოვალეობა კი აქაურობის დაცვაა. მაგრამ როგორ დავიცვათ თავი ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც თანამშრომლების მითითებების, თხოვნისა და უსიამოვნო საუბრის მიუხედავად, მაინც კადრულობენ და სხდებიან ილია ჭავჭავაძის სავარძელში? ასეთი შემთხვევა მუზეუმში აქამდე არ მომხდარა, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, “ნაფერები”, “პრემირებული” კალმოსნები თავს უფლებას აძლევენ, რომ ილიას სავარძელსაც “მოერგონ”. თავხედობასაც ხომ შეიძლება, თავისი საზღვარი ჰქონდეს”, – წერს მუზეუმის ადმინისტრაცია სოცქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი