“ასეთი თავისუფლების სიხარული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას არ მქონია” – ლევან თაქთაქიშვილი სახალისო ამბავს იხსენებს

182
SHARE

სოციალურ ქსელში ლევან თაქთაქიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს 90- იან წლებში თავს გადახდენილი ამბის შესახებ წერს.
ლევან თაქთაქიშვილი იხსენებს თუ როგორ გაჰყვა სახლში წიგნების გამყიდველ ქალს მისი ბიბლიოთეკის სანახავად, იქ კი გაუგებრობაში გაეხვა.
“ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებიდან: სტუდენტი ვარ. ალბათ 1992 ან 1993 წელია. მაშინ ძველმანების ბაზრობა “მშრალი ხიდის” შემდგომ გაგრძელებაზე ვორონცოვის მოედნისკენ, არსებული ხიდის ძირში იყო. იქ მივედი დილას და საუკეთესო წიგნი(3 ტომად) შევიძინე, რომელიც ახლაც ჩემს ბიბლიოთეკაშია.​ქართულ–რუსული ლექსიკონი, 1886 წელს დაბეჭდილი დავით ჩუბინაშვილის მიერ ავტოგრაფით: “უგანათლებულეს თავადს ლევან მელიქიშვილს პატივისცემით დავით ჩუბუნოვი”. საერთოდ, ავტოგრაფიანი წიგნი საინტერესოა, მაგრამ როცა ადრესატიც და ავტოგრაფის ავტორიც ორივე საინტერესო და ისტორიული პირია, გამოცემაც იშვიათია, ბუკეტში ეგზემპლარი უნიკუმია. მეორე დღეს, კვირას ისევ მივედი და იგივე გამყიდველისაგან ახლა კიტა აბაშიძის ავტოგრაფიანი წიგნი შევიძინე.” ზნაჩიტ ” ბუდეა. ამ ბუდის ნახვა კი უკვე ჩემი ნატვრის საგანი გახდა. გავეცანი გამყიდველს. ასე 35–40 წლის რუსი ქალბატონი იყო. არც ისე სასიამოვნო შეხედულების. ვთხოვე, თქვენი ბიბლიოთეკა მანახეთ მეთქი. დამპირდა, რომ ბაზრობის დასრულების შემდეგ მანახებდა. დაველოდე და წავყევი.თან მისი ბარგი- ბარხანა ავიკიდე. მივედით იქვე ერთ იტალიურ ეზოიან სახლში, პირველივე სართულზე შემიპატიჟა. საინტერესო ბიბლიოთეკა ჰქონდა, ისეთივე მარგალიტები აღარ იყო, მაგრამ 5 წიგნი ამოვირჩიე. მე ბიბლიოთეკის ქექვაში ვარ და მესმის , ქალმა ბავშვს უთხრა, ეზოში ითამაშეო. მე კი ყავა შემომთავაზა. დავთანხმდი. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალი სასტუმრო ოთახში დასაძინებელი პენუარით შემოდის და ხელში ლანგარი უჭირავს 2 ყავით. თურქული ყავა იყო. დადო მაგიდაზე და ჩემი გაკვირვებული სახე ალბათ რომ დაინახა, მითხრა: ალბომი მაქვს საინტერესო და მოვიტანო. მისი პატარაობის ალბომი მოიტანა და დავათვალიეროთო. ასეთი ვიყავი სკოლის პერიოდშიო. ვაი შენს ლევანს, რა დღეშიც ჩავვარდი. ვეკითხები: მეუღლე გყავთ მეთქი ? გავცილდიო… ამ წიგნებში რამდენი გადავიხადო მეთქი? რამდენსაც იტყვიო. დავუსახელე თანხა, ღიმილით დამთანხმდა.გადავიხადე. უხერხულ მდგომარეობაში ვარ და მეუბნება: დალიე ყავა , უნდა გიმკითხავოო. ვსვამ ყავას და მესმის კარზე კაკუნი, ჩემი ქმარია და მოგვკლავს ორივესო, თან მაცივარი გახსნა და საყინულედან დანა გამოიღო. ფანჯრებს შევხედე და რკინის “რეშოტკებია”. ვიფიქრე, გავხსნი კარს და გარეთ მაინც ვიქნები და იქ რამეს მოვახერხებ მეთქი. მივედი კართან, გავაღე უცბად კარი და გავვარდი გარეთ. ვიღაცას დავეჯახე, წავაქციე და მეც ზედ დავეცი. წამოვხტი და ვხედავ 70 წლამდე მოხუც კაცს, მიწაზე დავარდნილს. დაჭყეტილი თვალებით. წამოვაყენე და მეუბნება: სირცხვილი არ არის, სულ რომ იმალებით. 60 000 კუპონი გადასახდელი გაქვთ და ჩაგეჭრათ დენი, თქვენ კი “ლევი” გამოიყვანეთ. ახლა გამოგიჭირეთ შუქი რომ გაქვთ და თქვენ კი მეჯახებით კიდევო. გადავუხადე ეს ფული და წავიდა. ეს ქალბატონი მეუბნება: მობრძანდით , გიმკითხავებთო, წიგნებს ხელი დავავლე და სულ კარგად ბრძანდებოდეთ მეთქი. გულშიც კარგად შევიგინე… გარეთ რომ გამოვედი, ისე მესიამოვნა ნიავი, ასეთი თავისუფლების სიხარული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას არ მქონია”, – “წერს ლევან თაქთაქიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი