არ შეაშინოთ ბავშვი “ბუათი” და “გუდიანი კაცით” – რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ნერვულ სისტემაზე?

298
SHARE

“გუდიან კაცი”, “ბუა”, “მგელი” და სხვა საშიში პერსონაჟები, რომლებსაც მშობლები ბავშვების შესაშინებლად იგონებენ – რამდენად საშიშია პატარას ნერვული სისტემისთვის შეშინება? თუ ბავშვი მუდმივად აღგზნებული, გაღიზიანებულია, რით უნდა დაეხმაროს მშობელი და როდის არის საჭირო ნევროპათოლოგთან კონსულტაცია. გვესაუბრება ბავშვთა ნევროპათოლოგითეა ფულარიანი.

– საერთოდ, რა ასაკში უნდა გავასინჯოთ  ბავშვი ნევროპათოლოგს?
– ნევროპათოლოგთან ვიზიტი საჭიროა  ადრეული  ჩვილობის ასაკში. განსაკუთრებით საყურადღებოა რისკის ჯგუფის ბავშვები. თუ ბავშვმა დაკარგა გონება, მიიღო ტრავმა, აღენიშნება მოძრაობის მწვავედ განვითარებული დარღვევები, შეფერხებულია ფსიქომოტორული განვითარება და არსებობს სხვა სახის ჩივილები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს.
– სიცოცხლის პირველ წლებში ნერვული სისტემის რა დარღვევები გვხვდება ბავშვებში?
– ნევროლოგიურ დაავადებათა დიდი უმრავლესობა სიცოცხლის პირველ წელს შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის ჩვილობის ასაკის ეპილეფსია, მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დაავადებები, ნეიროინფექციები, ჰიდროცეფალია, მიკროცეფალია და მისი თანმხლები ნეიროგანვითარებითი ჩამორჩენა, ცერებრული დამბლა.
– რამდენად საშიშია დიაგნოზი “ქალაშიდა წნევის მომატება”?
– ეს ტერმინი ჩვილ ბავშვებთან მიმართებაში ხშირად აღარ იხმარება. ამისათვის აუცილებელია სპეციალური კვლევით დადასტურება. რეალურად ის, რასაც ეს ტერმინი სინამდვილეში გულისხმობს, უმრავლეს შემთხვევაში საშიში კონდიციაა, რაც სხვადასხვა მძიმე დაავადების გამოვლენა შეიძლება იყოს.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი ჰიპერაქტიურია და რა განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ მშობლის მხრიდან ასეთ ბავშვებს?
– როგორც წესი, მშობელი უჩივის, რომ ბავშვი “ძნელად აღსაზრდელია, უყურადღებოა, ცელქია”. დღეისათვის არსებობს ფორმულირება “ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი”. ამ დროს საჭიროა ნევროლოგის ან ფსიქოლოგის კონსულტაცია. რაც მთავარია, სტაბილურად კორექტულობა ბავშვის მიმართ, მოთმინება, კეთილგანწყობა, ურთიერთობა და თამაში.
– რისი ბრალია, თუ ბავშვი მუდმივად აღგზნებული, გაღიზიანებულია და რით უნდა დაეხმაროს მშობელი ?
– მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაგალითად სომატური დისკომფორტი, ფსიქოლოგიური ტრავმა, არასწორი მოპყრობა, ყურადღების დეფიციტი ოჯახის მხრიდან. უპირველესად,  მიზეზი ოჯახურ გარემოში უნდა მოიძებნოს. ამას გარდა, ბავშვს უნდა ჩავუტაროთ ფსიქოლოგის ან ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია. თუკი გამოირიცხება რაიმე სომატური დისკომფორტი ან ნევროლოგიური დაზიანება, მოვახდინოთ ქცევის კორექცია მოთმინებით, ზომიერი ლოიალობით, სტაბილური მოპყრობით მის მიმართ.
– საწინააღმდეგო შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ძალიან ჩაკეტილია, მოდუნებული, რა უნდა ქნას მშობელმა ამ დროს?
– ალბათ, გულისხმობთ კომუნიკაციის პრობლემებს. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვის პედიატრს, ბავშვთა ნევროლოგს ან განვითარების სპეციალისტს.
– რამდენად არის დამოკიდებული მისი ნერვული სისტემის განვითარებაზე, ბავშვი ადრე დაიწყებს ლაპარაკს თუ გვიან, როდის გაივლის და ა.შ.?
– დამოუკიდებლად სიარული და მეტყველების დაწყების ვადები, რასაკვირველია, ნეიროგანვითარების მთავარი მაჩვენებლებია. თუმცა, მეტყველებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია სმენის ხარისხიც და ის, რომ მეტყველება მხოლოდ მოტორული აქტი არ არის.
– მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვი ბაღს ვერ ეჩვევა, ტირის და მუდმივად განიცდის დედის დანაკლისს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
– იდეალური სტანდარტი არ არსებობს, თუმცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში სტრესი, შესაძლებელია ძალზე მავნებელი გამოდგეს პატარისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ბაღისთვის ბავშვები მხოლოდ 3 წლიდან არიან მზად.
– რას გვეტყვით “გუდიან კაცზე” და “ბუაზე”, რომლებიც ყოველთვის “აქტუალურია” უფროსებში? რამდენად საშიშია ბავშვის ნერვული სისტემისთვის მისი შეშინება?
– შეშინება პრინციპულად არასწორი ქცევაა უფროსების მხრიდან, ეს ნიშნავს ტყუილს, შანტაჟს და, როგორც წესი, მალევე “გამოაშკარავდება”. გარდა ამისა, დაშინებამ შესაძლოა ნეგატიური შედეგები გამოიღოს, მათ შორის ქცევითი პრობლემების გამრავალფეროვნების სახით. ასეთი საქციელით მხოლოდ ავნებთ ბავშვის ფსიქიკას და დააკარგვინებთ ნდობას თქვენ მიმართ.
– რა პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო მშობლების მხრიდან იმისთვის, რომ ბავშვის ნერვული სისტემა სწორად განვითარდეს?
– ყურადღება უნდა მიექცეს ჩივილებს, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მშობელი უნდა იყოს მაქსიმალურად გულახდილი და სამართლიანი ბავშვის მიმართ.
– როგორც ნევროპათოლოგი, რა რჩევებს მისცემთ მშობლებს?

  • გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია;
  • ნუ მისცემთ მას ხშირ და უმნიშვნელო შენიშვნებს;
  • არ მიიღოთ გადაწყვეტილება მარტო – ექიმის გარეშე;
  • ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას;
  • რაც შეიძლება უკეთ გაათვითცნობიერეთ თქვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ეს საუკეთესო დამხმარედ გაქცევთ თქვენი შვილისთვის.

    წყარო: mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი