არის თუ არა ძაღლის ბეწვი ჯანმრთელობისთვის საშიში

1121
SHARE

ხშირია შემთხვევა და ბევრ ჩვენგანს სმენია, რომ ექიმმა ორსულ ქალს კატეგორიულად მოსთხოვა ძაღლის გაშვება ბინიდან. მიზეზებს, როგორც ჩანს, ყველა ადამიანისთვის გასაგებ უბრალო ენაზე ხსნიან: ძაღლის და კატის ბეწვი გადაყლაპვისას ან ჩასუნთქვისას იწვევს ინფექციებს, რომლებიც ძალიან საშიშია, მაგალითად, ექინოკოკი.

არადა, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს…. ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვთ ამ საკითხზე განვითარებულ სამყაროში და არა მხოლოდ აზრი, პრაქტიკაც კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ამდენი ადამიანია ევროპასა და ამერიკაში, ჩრდილოელ “ძმებს” რომ თავი დავანებოთ, რომლებიც ძაღლებთან და კატებთან ერთად იზრდება ჩვილობის ასაკიდან და ცოცხალი და ჯანმრთელი რჩება. ამერიკელი მეცნიერები იმასაც კი ამტკიცებენ,  რომ ადამიანი ნაკლებად განწყობილია ალერგიისა და სასუნთქი გზების პრობლემებისადმი, თუკი იგი ცხოველის სიახლოვეს იზრდება. ის კი არა, მრავალი გამოკვლევა კეთდება, რომელიც ამტკიცებს, რომ ცხოველის ყოლა, გულის ოპერაციის და სხვა მძიმე მდგომარეობის შემდეგ, აორმაგებს და ასამმაგებს გადარჩენის შანსებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მაგრამ თუკი ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ცდებიან და ძაღლი და კატა, მართლაც, არაა საშიში ადამიანისათვის, მით უმეტეს, ორსულის და ჩვილის ჯანმრთელობისათვის, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოსატანია სააშკარაოზე. მეტი აქტიურობაა საჭირო, რადგან ცხოველების სახლიდან გაშვების მოწოდება ერთ–ერთი მიზეზია საქართველოში და განსაკუთრებით კი მის ქალაქებში შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფისა. დიახ ტერმინები: „ჰუმანიზმი“ და „ჰუმანიტარული კატასტროფა“ ცხოველების მიმართაც შეიძლება გამოვიყენოთ და მხოლოდ ადამიანებზე არ ვრცელდება. ამიტომ მეტად საინტერესო იქნება ვეტერინარის მოსაზრებები ექიმის მოსაზრებების საპირისპიროდ. მივმართეთ ჩვენს ვეტერინარებს პროფესიული პასუხისათვის.

აი, რას ფიქრობს ვეტერინარი ვახტანგ მამალაძე ძაღლის საფრთხეზე, რომლითაც ექიმები აშინებენ მომავალ დედებს და მშობლებს.
„ძაღლის გაშვება ბინიდან, როდესაც პატარას ელით ან უკვე გყავთ, საკმაოდ ხშირი რეკომენდაციაა ექიმების მხრიდან, რაც მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, – ბუნებრივია, ასეთი რამ სიკეთის მომტანი არ არის და შედეგიც არანაირია. მედიცინის მუშაკთა მეტი ნაწილი, ამჯერად საუბარია თერაპევტებზე, გინეკოლოგებზე, პედიატრებზე და ა.შ. არც კი ერკვევა პარაზიტოლოგიაში. არ იციან, რა არის ანთროპოზოონოზური დაავადებები, არ იციან დაავადებების გავრცელების მექანიზმები, ანალოგიურად, დიდი დელეტანტობით გამოირჩევიან რა ბიოლოგიაში, რაც ძალიან საწყენია და არაფრის მომცემი. ექიმებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ თუ ცხოველის ბეწვი არ იწვევს ალერგიას – რაც ალერგოლოგების ტესტირების შედეგად უნდა დადგინდეს, არ არის საშიში! ბეწვი და ცხოველი მთლიანად, თუ ცხოველს, პატრონი სამ თვეში ერთხელ პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებს აძლევს, არ არის საშიში! თუ ცხოველი დაჰყავთ ვეტერინართან, რომელიც უტარებს გეგმურ ვაქცინაციებს ცოფზე და სხვადასხვა დაავადებაზე, არც ცხოველი და არც მისი ბეწვი არ არის საშიში! ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ ექიმებმა და თავისი სუბიექტური აზრი თავისთვის შეინახონ! ცხოველი ცოცხალი არსებაა და მასაც უნდა სიყვარული ადამიანებისგან, მასაც უნდა ალერსი და დამკვიდრება ჩვენს საზოგადოებაში, ეს ყველამ უნდა შევისისხლხორცოთ.”

ეს კიდევ ვეტერინარ, პროფესორ აკაკი რუაძის აზრია ძაღლის მიერ შექმნილი საფრთხის შესახებ, რომელზეც ექიმები ხშირად ლაპარაკობენ: “თუ ძაღლი გყავთ ბინაში, მას მოვლა სჭირდება. ბეწვი არის იგივე თმა, რომელიც არავითარ დაავადებას არ იწვევს, თუ ძაღლს უტარდება ყველა პროფილაქტიკური ღონისძიება. ერთადერთი მიზეზი (ძაღლის ბინაში ყოლის ეჭვქვეშ დაყენებისა) შეიძლება იყოს ალერგია ბეწვზე, და არც ეს არის გადაულახავი პრობლემა. ძაღლი სათამაშო არაა. ის ოჯახის წევრია, რომელსაც დიდი სიხარულის შემოტანა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში.
P.S. რა თქმა უნდა, იგივე ეხებათ კატებსაც”, – ვეტერინარი აკაკი რუაძე.

თუ ალერგიულები არ ვართ, რაც ახალი დროის უბედურებას წარმოადგენს, სხვანაირად ჩვენი ორგანიზმი შეგუებულია ძაღლსაც და კატასაც. სხვა საქმეა, თუკი ჩვენი ორგანიზმი არაა შეგუებული 1 პარაზიტს, რომლის გადადების საშიშროება მცირე ალბათობით არსებობს ცხოველისაგან (და არა მარტო ცხოველისაგან. მაგალითად, ბაღჩეულის, ბოსტნეულისა და მწვანილისაგან არსებობს იგივე პარაზიტების გადადების ალბათობა) და სულ რამდენიმე მსუბუქი ზომის მიღებით მისი პრევენცია შესაძლებელია.

რამდენიმე მასპინძლიანი პარაზიტი – ექინოკოკი,  ცხოველს ემართება მხოლოდ დაავადებული ხორცის და ძვლის მოხმარებისას უმი სახით. თერმული დამუშავება პარაზიტს კლავს. ამიტომ, მეგობრებო, ნუ აჭმევთ უმ, თერმულად დაუმუშავებელ ხორცს და ძვალს თქვენს მეგობრებს და მას ექინოკოკი არ დაემართება. დასავლეთში, სადაც ცხოველებს კვებავენ, ძირითადად, მშრალი საკვებით, ფაქტობრივად, ექინოკოკით დაავადების შემთხვევები არ არსებობს. მეორე მიზეზი ექინოკოკის დამარცხებისა ხორცის ხარისხის შემოწმებაა, მაგრამ ამ დონემდე ჩვენ  უახლოეს ხანში ვერ მივალთ და ექინოკოკით დაავადებული ცხოველის ხორცი დიდხანს იქნება ბაზარზე. ანუ ექინოკოკი მხოლოდ ჩვენივე დაუდევრობის გამო შეიძლება შეხვდეს ცხოველს და ისევ ჩვენი დაუდევრობის გამო შეიძლება გადმოგვედოს ჩვენ. გარდა ამისა, სრულად პრობლემის გადასაჭრელად ჩაუტარეთ ცხოველს დეჰელმიტიზაცია დროულად (ანუ თავის დროზე დაალევინეთ აზინოკსი, დრონტალი ზიპირანი და სხვა ანტიპარაზიტული საშუალებები, რომლებიც მრავლადაა ზოომაღაზიებში) და ექინოკოკის ძაღლისგან და კატისგან გადადების საფრთხე 0–მდე დადის. დამატებით, ჭამის წინ ხელის დაბანის ჩვევა კიდევ უფრო ამცირებს ინფექციების გადადების და დასნებოვნების შანსებს.

ჩემთვის გაუგებრია, რატომ არ კრძალავენ ექიმები, მაგალითად, მწვანილის უმად ჭამას (გარეცხვა ბოლომდე არ გამორიცხავს კვერცხის დარჩენას ფოთოლზე ან ღეროებზე) და ცხოველს კი იოლად სწირავენ სიკვდილისა და ტანჯვისათვის.

სუფთა, უპარაზიტო ბეწვი, ორგანიზმში მოხვედრისას სრულიად უპრობლემოდ გამოდის გარეთ ბუნებრივი გზებით (ან ბრონქები ამოაგდებენ სითხესთან ერთად ზევით, ან ნაწლავების გზით გაივლის ორგანიზმს ისე, როგორც ჩვენი და ჩვენი ახლობლების თმები, რომელთა ჩაყლაპვის მრავალი გზა არსებობს). ის ისეთივე უვნებელია, როგორც კარგად დაბანილი ადამიანის თმა. ადამიანის  დაუბანელი და ჭუჭყიანი თმა შესაძლოა, უფრო საშიშიც იყოს.

წყარო:http://zoonews.ge

FB კომენტარები

კომენტარი