“არასდროს უთქვამს მიყვარხარო” – ლევან აბაშიძის საყვარელი ქალი დღემდე მარტოა

192
SHARE

ლევან აბაშიძის სიყვარულის ისტორიას ფერი არ უხუნდება. ხომ თითქმის ზეპირად ვიცით, მაგრამ მაინც ვკითხულობთ. ალბათ, ამის საიდუმლოება მისი სინამდვილეა. ის, რაც ჭეშმარიტია, ინტერესმოკლებული არასდროსაა.
ქართველი პრინცისა და მოლდოველი გოგონას სიყვარულის ისტორია 30 წლისაა, ლევანის გარდაცვალებიდან კი – 27 წელი გავიდა. დღეს, თუკი რაიმეს ნანობს მიკა, ეს იყო გადაწყვეტილება, რომ ლევანისგან შვილი არ გაეჩინა. „მაშინ ლევანის დედასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ შვილი ჯერ არ უნდა გამეჩინა, რადგან სტუდენტი ვიყავი. თანაც მოლდოვეთში უნდა დავბრუნებულიყავი. ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სინანული“ – „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს მიკა.

წყვილის გაცნობა საქართველოში, „ქართულ ფილმთან“ მოხდა. მიკა გადაღებიდან გამოვიდა და ტაქსი უნდა გაეჩერებინა. ამ დროს მსახიობმა თემო გვალიამ მანქანა გაუჩერა და წაყვანა შესთავაზა. მანქანაში ღამის გადაღებიდან მომავალი მეთევზის ფორმაში გამოწყობილი ლევანი იჯდა.

მიკაელა სტრამბეანუ: – თემომ ერთმანეთი გაგვაცნო. მან ბლოკნოტში თავისი ნომერი ჩამიწერა და მომცა. არ დამირეკია, რადგან არ მომეწონა. მერე 9 აპრილი იყო და მოლდოველი სტუდენტები ნუგზარ ლორთქიფანიძემ მოლდოვაში გაგვამგზავრა. იქიდან რომ ჩამოვედი, ჩანთაში ვიპოვე ბლოკნოტი, რომელმაც ლევანი გამახსენა. დავურეკე და პაემანზე მოვიდა ულამაზესი ბიჭი, ნამდვილი პრინცი! ყავის დასალევად საფუნთუშეში წავედით. მერე სტუდქალაქში მომაკითხა და თავის სახლში მიმიყვანა სტუმრად. იმ საღამოს ლევანმა დედამისს უთხრა, მიკა ჩვენთან იცხოვრებსო…

 

მოლდოველი მსახიობი ყოველი წლის 7 სექტემბერს, ლევანის გარდაცვალების დღეს, საყვარელი მამაკაცის სამშობლოში ჩამოდის… მან „კვირის პალიტრასთან“ ლევანთან გატარებული უბედნიერესი სამ წელიწადნახევარი გაიხსენა… მოჰყვა ეჭვიანობაზე, საჩუქრებზე, მოლდოვურ ბორშჩზე, უბრალოდ ზღაპრულ პერიოდზე და დასძინა, რომ ლევანი იყო მისი ცხოვრების ერთადერთი ნამდვილი სიყვარული.

მიკა: – არასდროს უთქვამს მიყვარხარო. ამას ვგრძნობდი. მოგვიანებით გიო მგელაძემ მითხრა, ლევანმა გული გადამიშალა და მითხრა, მიკა არის ქალი, რომელმაც მაგრძნობინა – რა არის სიყვარულიო. თავისი ხელით დაკრეფილი მინდვრის ყვავილები მოჰქონდა, ნამცხვრებს ყიდულობდა, კაბებს მჩუქნიდა… ჩემ გამო ჩხუბობდა. მოდიოდა ნაცემი, ცხვირგატეხილი… ქართველი გოგონები შურით მიყურებდნენ, როდესაც ლევანის გვერდით ამაყად მიმავალს მხედავდნენ. მე კიდე მაინც ვეჭვიანობდი და თან ისე, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. ამ დროს ლევანი იწვა და წიგნს კითხულობდა. და ელოდა, როდის გადამივლიდა. მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო. ერთხელ შემთხვევით მოვისმინე მისი საუბარი ქალთან – საყვარელი ქალი უკვე მყავსო, უთხრა. ისეთი ამაყი ვიყავი… და ისე გამიხარდა, მოლდოვური ბორშჩი გავუკეთე.

ჩვენი ბოლო კონტაქტის გახსენება ძალიან მიმძიმს. კიშინიოვში ვიყავი. 5 სექტემბერს დარეკა. დედაჩემმა აიღო ყურმილი. აფხაზეთში მივდივარ და უთხარით, იქიდან დავურეკავო. ორი დღის შემდეგ დაიღუპა… როდესაც კიშინიოვში მივდიოდი, გამაცილა და მითხრა, რომ ჩამოხვალ ყვავილებით დაგხვდებიო. ამის ნაცვლად ყვავილები მე დავაწყე გაჩერებულ გულზე.

მე ასეთი სიყვარული აღარ მწვევია. მიყვარდა, მაგრამ მივხვდი, რომ ის ისეთი ძლიერი სიყვარული არ იყო. ამიტომ მარტო დარჩენა გადავწყვიტე.

FB კომენტარები

კომენტარი