ანტიევროპული ფსევდოთეოლოგიური პოპულიზმი

61
SHARE

“შეიძლება უნებლიედ მოსდის რესპონდენტს, მაგრამ ეს საუბარი არის – “პოპულიზმი” ანუ ხალხის გრძნობებზე თამაშით პუპულარობის მოპოვება და განგებ, მარტივი, საქმეში საფუძვლიანად გარკვევის გარეშე პრობლემების დილეტანტური გადაწყვეტის შეთავაზება.

მე, ჩემი შვილებით და ჩემი მრევლის უდიდესი ნაწილი დროებით ევროპაში ვცხოვრობთ და ყველა დამეთანხმება, რომ ევროპა მარტო ჰომოსექსუალობა არ არის. ამის მეტი ნუთუ ვერაფერი დაინახეს ევროპაში? ნუთუ არ არის ევროპაში მისაბაძი ტოლერანტობა, პიროვნების და პირადი სფეროს შესაშური პატივისცემა, განათლება და მეცნიერება, შრომისმოყვარეობა და დისციპლინა, სასჯელის გამოყენების დროს ლმობიერება, ტექნიკური აღმავლობა.

საქართველში ყველა, ვისაც მატერიალური შესაძლებლობა აქვს, ცდილობს შვილებს ევროპაში ასწავლოს, ევროპაში დაისვენოს, ევროპაში იმკურნალოს, ევროპული ტექნიკური სიკეთეებით ისარგებლოს და პარალელურად, ამ მეასეხარისხოვანი ჰომოსექსუალობის გამო ლანძღავს ევროპას. ეს სიბრმავეცაა და უსამართლობაც. აქ ასეთი ხალხი თავის პირად ცხოვრებას თავისთვის ცხოვრობს”, არავინ მათ არ ჩაგრავს და ეგ პრობლება ყველაზე ნაკლები პრობლემაა ევროპელისთვის. მხოლოდ ჩვენ, ქართველებმა უნდა ავტეხოთ უსირცხვილოდ და უკულტუროდ ასეთი ამბავი. ამ ცოდვაზე ხომ “…ლაპარაკიც კი სირცხვილია” როგორც ამბობს წმ. მოციქული პავლე.
ითქვა ამ საუბარში, რომ ევროპა ქრისტიანულ კულტურაზე კი აღმოცენდა, მაგრამ ახლა გადაუხვია ამ კულტურას. ამასთან დაკავშირებით ყველას მინდა რამდენიმე მაგალითი შევთავაზო:

1) გერმანიაში ქურდობისთვის მოზარდი რომ დაიჭირონ, ჯარიმას გადაახდევინებს სახელმწიფო, გააფრთხილებს და გაუშვებს. მეორედაც რომ დაიჭირონ, უფრო დიდ ჯარიმას გადაახდევინებენ, უფრო მკაცრად გააფრთხილებენ, რაიმე სავალდებულო სოციალურ საქმიანობას დააკისრებენ და ციხეში ისევ არ გაუშვებენ. ამავე დროს, ბავშვთა სოციალურ სამსახური დაინტერესდება, რა პირობებში ცხოვროს ეს მოზარდი. მათ იციან, რომ ციხე კიდევ უფრო დააზიანებს მათ მომავალ მოქალაქეს და ამიტომ იქცევიან ასე. საქართველოში იგივე დანაშაულზე ისეთი ვადით შეაგდებენ მოზარდს ციხეში და ისეთ ციხეში, რომ სამუდამოდ დამახინჯებული პიროვნება გამოვა იქიდან. რომელი სახელმწიფოს მოქმედებაა უფრო ქრისტიანული? რა თქმა უნდა, ევროპულის.

2) “პატივი ეცი შენს მშობელს, იზრუნე მასზე და მოუარე მას სიბერეში” (10 მცნებიდან) – გერმანელებმა ისე მოაწყვეს თავიანთი სახელმწიფო, რომ ყველა მათ მოხუცს (არა მარტო საკუთარ მშობელს) შრომისუნარიანი მოქალაქეების გადასახადებიდან გარანტირებული აქვს ნორმალური, უზრუნველყოფილი სიბერე. ანუ, თვითონ სახელწიფო დონეზე სრულდება ეს მცნება. ჩვენ ეს ჯერ ვერ შევძელით და ამაზე მაინცდამაინც არ ვდარდობთ (ბევრი მოხუცი საქართველოში შიმშილის ზღვარზეა). ისევ ვსვამ კითხვას: რომელი სახელმწიფოს ქმედებაა უფრო ქრისტიანული? რა თქმა უნდა – ევროპულის.

3) როცა ჩემი შვილი მე-2 კლასში იყო (გერმანიაში), მითხრა, რომ მეორე დღეს სკოლაში “ბავშვთა კონფერენცია” უნდა ჰქონოდათ და მას მსჯელობისათვის უნდა მოემზადებინა პრობლემები, რაც მას სკოლაში არ მოსწონდა. რამდენიმე დღეში ამ ბავშვთა კონფერენციაზე შემუშავებული, შეთანხმებული და ბავშვების მიერ დამტკიცებული “ქცევის 10 წესი” სკოლაში გამოკრული ვნახე. იქვე იყო მითითებული, დამრღვევს სასჯელად თუ რა უნდა გაეკეთებინა: ეზოს დალაგება, სათამაშოების დახარისხება და ა.შ. ისევ გეკითხებით: ბავშვის ასეთი, ევროპული აღზრდა არ არის მისაბაძი? რა თქმა უნდა, არის.

ჩემთვის და აქ მცხოვრებთათვის ჩვენს საქართველოზე ძვირფასი და საყვარელი არც ერთი ქვეყანა არ არის, მაგრამ არ შეიძლება ევროპაში ერთი-ორჯერ მხოლოდ ჭუჭრუტანაში შემოიჭყიტო და ამის საფუველზე იმსჯელო აქაურ ზნეობაზე. ცოტა ფართოდ უნდა “გავაღოთ” გონების ფანჯარა და ისე შევაფასოთ. კარგიც და ცუდიც ყველგან არის და ბევრი ცოდვა ჩვენში შეიძლება უფრო ფესვგადგმულია, მაგრამ დაფარული.

ევროპული კულტურა დგას ორ დიდ ფუნდამენტზე: ანტიკური ბერძნული კულტურა და ქრისტიანობა. ბევრი ქრისტიანული მცნება ევროპაში უკვე კონსტიტუციაში, სახელმწიფო კანონებში და აღზრდის მეთოდებშია დამკვიდრებული და მოქალაქეთა მიერ რეალურად ხორციელდება.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძვირფასი საქართველო!”

დეკანოზი თამაზ ლომიძე, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი.

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი