ანი გაგუნაშვილი: ჩვენ ვართ ისინი, რომლებიც სიცოცხლეშივე დავიხოცეთ, ვსუნთქვთ მაგრამ არ ვარსებობთ…

64
SHARE

რეჟისორ ქეთი დოლიძის ემიგრანტების მისამართით, გამოქვეყნებულ პოსტს ერთ-ერთი მოქალაქე, ანი გაგუნაშვილი ეხმაურება. news.ge უცვლელად გთავაზობთ მის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს.

,,ჩვენ ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ, გამოგვაძევეს, სამშობლოს კარი ისე მოგვიჯახუნეს ზურგს უკან, რომ ტკივლისგან ხერხემალი გაგვიმრუდდა…

ჩვენ დახუჭული თვალებით გამოვედით სახლებიდან და წლების მერეც გვეშინია გახელის, გვეშინია იმ სიბნელის დანახვის, რომელშიც გადმოვსახლდით და გვეშინია იმ მანძილის დანახვის რომელიც სამშობლოსთან გვაშორებს…

ჩვენ ვართ უვადო პატიმრები, რომლებიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდით… ჩვენ ვცხოვრობთ საკანში რომელსაც ფანჯარა არ აქვს და ისიც არ ვიცით მზე რომელი მხრიდან ამოდის… ჩვენ ვცხოვრობთ ჭაობისგან აგებულ ოთხ კედელში და სუნთქვა გვიჭირს ისეთი ნესტია ცრემლების…

აქ დროც გაჩერებულია…

თქვენ, რომლებიც უკვე გასამართლებულებს სასამართლოს გვიწყობთ, იცით რას ნიშნავს, როცა სამშობლოსკენ ზურგშექცევით მდგარს უკან მიხედვის ძალა არ გაქვს, გული ყელში გებჯინება და ისე გწვავს, რომ სულიც კი გეცლება და ცარიელ სხეულში გაფურთხებს.

როცა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ჰაერს ღრმად ისუნთქავ და ამოსუნთქვის გეშინია, გინდა რომ სამშობლოს უკანასკნელი ჰაერი ფილტვებში ჩაგრჩეს…

იცით რას ნიშნავს, როცა ყველა წერტილში, შენი წასვლით აცრემლებული თვალები გებლანდება და სიარულს გირევს… იქცევი იმის იმედით, რომ ჩამორჩები, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა ჩამტვრეულია, უნდა ადგე, ადგე და არ ჩამორჩე… წასვლა არ გინდა, მაგრამ უნდა წახვიდე…

იცით რას ნიშნავს როცა 5 წლის შვილს მძინარეს ემშვიდობები… აკანკალებული ტუჩებით კოცნი შუბლზე და გინდა ეს წამი დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს, რადგან იცი, რომ როცა დაბრუნდები ის უკვე დაბოხებული ხმით დაგხვდება, თითქმის უკვე შენს სიმაღლე და დედის კალთაში ჩაჯდომა გაუტყდება…

ჩვენ ვართ ისინი, რომლებიც სიცოცხლეშივე დავიხოცეთ, ვსუნთქვთ მაგრამ არ ვარსებობთ, ჩვენ ვართ ისინი ვინც სიცოცხლეშივე ვნახეთ ჯოჯოხეთი, და მაინც ჯიუტად რწმენით ველოდებით როდის დადგება ჩვენი აღდგომა…

ჩვენი ღიმილის დანახვისას გამოტანილი თქვენი დასკვნები ისეთივე მარაზმია, როგორც თქვენი შეხედულებები ჩვენზე… თვალებში ჩაგვხედეთ და მთელ ტრაგედიას დაინახავთ ჩვენი ღიმილის უკან…

ჩვენ ვართ ის ემიგრანტები, რომლის მხრებზეც დგას დღეს მთელი საქართველო…

ჩვენ ვართ ის უსახელო გმირები, რომლებიც ორდენებს არ ვითხოვთ…

ჩვენ ვართ ის ჯარისკაცები, რომლებიც უიარაღოდ ვიბრძვით და მაინც ზურგში გვესვრიან…

და სანამ ქვას გვესროდეთ ჯერ ჩვენი ეკლიანი აღმართები აიარეთ…” – წერს გაგუნაშვილი.

წყარო: http://news.ge/ge

FB კომენტარები

კომენტარი