“ანაფორაც გავიხადე, ჯვარიც მოვიხსენი, – ასეთი უხერხული შემთხვევაც იყო” – ვინ არის ცოტნე ცოტაშვილის მოძღვარი რეალურ ცხოვრებაში

115
SHARE

ტელესერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” მოძღვრის როლს მსახიობი ზურა სულხანიშვილი ასრულებს. ის ცოტნე ცოტაშვილის საარჩევნო შტაბის წევრია და სულ თან დაჰყვება. როლი თითქმის უსიტყვოა, მაგრამ მსახიობს ეს ხელს არ უშლის, სასულიერო პირის დამაჯერებელი სახე შექმნას.

Ambebi.ge მსახიობ ზურა სულხანიშვილს მის პროფესიაზე, თეატრსა და ცნობილ ტელეროლზე ესაუბრა:

– დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, – სანდრო მრევლიშვილის სტუდენტი ვიყავი… ბატონ სანდროს “თეატრი გლობუსი” ჰქონდა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და იქ მოვხვდი…
თავიდან ჩვენი თეატრი “მეტეხის” სახელს ატარებდა, მერე ერქვა “თეატრი ძველი სახლი” და “ალექსანდრეს ბაღში” გახლდათ განთავსებული. მოგვიანებით, მთავრობასთან რაღაც პრობლემები შეიქმნა და ბატონ სანდროს შენობა წაართვეს, რომლის ახლანდელი დანიშნულება ის არის, რომ ტუალეტად და “ბომჟების” თავშესაფრად არის გადაქცეული, არადა, სანდრო მრევლიშვილის აშენებულია.

– რაკი “გლობუსს” თავისი შენობა არ აქვს, ამჟამად სად ფუნქციონირებს?
– ჩვენი თეატრი აკაკი ხორავას სახელობის სახლს არის შეფარებული. დასი ახალგაზრდულია, სულ ბატონი სანდროს სტუდენტები ვართ. ამ თეატრს ახალი სიცოცხლე შთავბერეთ და ნელ-ნელა ვიწყებთ ახალი მიმართულებით სვლას.

– ე.ი. თეატრში სულ სანრო მრევლიშვილის სტუდენტები ხართ?

– კი, ბატონ სანდროს, როგორც ვიცი, ორი ჯგუფი ჰყავდა – მე პირველი თაობა ვარ. პედაგოგმა არ დაგვკარგა და ერთ დასად შეგვკრიბა.

– გარდა იმისა, რომ პოპულარულ სერიალში ხარ დაკავებული და “თეატრ გლობუსის” დასის წევრი ხარ, კიდევ რას საქმიანობ?
– ხელოვნება ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან ანსამბლში (“გვირილა”) ვმღეროდი. 9 წელიწადი იქ აქტიური წლები მაქვს გატარებული. სკოლა რომ დავამთავრე, სხვა სფეროსკენ აღარ გადავუხვიე და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე… მიყვარს ჩემი საქმიანობა.
შემდეგაც გამიმართლა, რომ “თეატრ-გლობუსში” მოვხვდი, რადგანაც ბევრი მსახიობია დარჩენილი ისე, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დამთავრების შემდეგ, თავისი სპეციალობით არც უმუშავია, რადიკალურად განსხვავებული საქმიანობა აქვს…

– სერიალში დამაჯერებლად თამაშობ, ტიპური მოძღვარის სახეს ქმნი, მიუხედვად იმისა, რომ შენი პერსონაჟი არ ლაპარაკობს…

– ძალიან ვფრთხილობ, რაიმე ისეთი არ გავაკეთო, რაც შემდეგ მაყურებელში, ხალხში აგრესიას გამოიწვევს. დღეს სამღვდელოება და მართლმადიდებლობა სამწუხაროდ, ხშირად ხვდება საზოგადოების განხილვის ობიექტი.
ამიტომ სიფრთხილე განსაკუთრებით მმართებს, მით უფრო, რომ სერიალს ბევრი მაყურებელი ჰყავს. მოკლედ, ვცდილობ, უხეშად და შეუფერებლად არაფერი გამომივიდეს.

– ზომიერების ზღვარს გადიხარ ისე, რომ ვიმეორებ, ტექსტებიც არ გაქვს…
– კი, ტექსტი ნაკლებად არის…

– ისე, ცოტა უცნაურიც კია, რომ პოლიტიკოსის საარჩევნო ჯგუფში მოძღვარი პარტიის წევრივით არის ჩართული, სულ თან დაჰყვება…
– ვიტყოდი, რომ თვითონ ის ბორდია უცნაური…

– პოლიტიკოსს შეიძლება ჰყავდეს მოძღვარი, მაგრამ არა ისე, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილობდეს, სამუშაო პროცესში მთლიანად იყოს ჩართული, ყველა სხდომას ესწრებოდეს და ლამის პარტიული მუშაკი გახეს.

– სულ ვამბობ და ვიტყვი, რომ არსებობს პროფესიები, რომლის წარმომადგენლებიც პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ, მით უფრო ხელოვანები. რა უნდა მსახიობს, ან მომღერალს პოლიტიკაში?! თუ რაიმე პროტესტი აქვს, თეატრის სცენიდან, საკუთარი ნამუშევრით გამოხატოს, მხატვარმა თავისი ტილოთი თქვას და არ არის აუცილებელი, რომელიმე პოლიტიკური

პარტიის წევრი იყოს, ხალხში გამოდიოდეს და მათ ჭკუას ასწავლიდეს, ლექციებს უკითხავდეს. ეს ჩემთვის მიუღებელია.
ეს მოძღვარსაც ეხება. თუ მასთან რომელიმე პოლიტიკოსს ექნება ურთიერთობა, აზრს ჰკითხავს, პირადი სასულიერ პირი იქნება, ეს სხვა საკითხია.
სხვათა შორის, რომ დამირეკეს და მითხრეს, ასეთი როლიაო, – გამიკვირდა, თან, მეგონა, მხოლოდ ერთი სცენა დასჭირდებოდათ. ქალბატონ ეკა მჟავანაძეს ვკითხე, დამაინტერესა, – რა უნდა გააკეთოს ამ მოძღვარმა-მეთქი? ცოტნე ცოტაშვილის ბორდის წევრია და სულ თან დაჰყვებაო. გავშეშდი, ხმა ვერ ამოვიღე, ვერ მივხვდი, რატომ…

– პრინციპში ბუნებრივი რეაქცია გქონია… შენს როლთან დაკავშირებით ხომ არ მიგიღია ვინმესგან შენიშვნა? ვინმეს ხომ არ გაუკრიტიკებიხარ?
– მახსოვს, ერთი ლოკაცია გარეთ გვქონდა გადასაღები, – ცოტნე ცოტაშვილი თავის ამომრჩევლებს მიმართავდა, სადაც მთელი ბორდიც იყო და, რა თქმა უნდა, მოძღვარიც. მოვიდა ვიღაც მამაკაცი და კითხულობდა, რატომ აცვია ანაფორა, გადაღებას ჩაგიშლითო.
ზოგი მართლა ვერ ხვდება, რატომ მაცვია ანაფორა, ვინ ვარ, რას ვაკეთებ. ამიტომ თუ უშუალოდ გადაღება არ არის გარეთ, ხალხში, კადრს მიღმა, ზედმეტად, ანაფორით გამოჩენას ვერიდები, რადგანაც ზოგს რელიგია ფანატიზმში აქვს გადასული, ვერ იგებენ, მსახიობს ანაფორით რომ მხედავენ… არადა, ეს არის როლი და ამიტომ მაცვია…
მცხეთაში ასეთი შემთხვევაც მქონდა, – ერთი მამაკაცი მოვიდა – დამლოცე მამაოო… არ მეშვებოდა… ბოლოს ქუდიც მოვიხადე, ჯვარიც მოვიხსენი, ანაფორაც გავიხადე, ვეუბნებოდი, – მსახიობი ვარ-მეთქი. მოკლედ, ასეთი უხერხული შემთხვევა იყო…

– არასდროს დაგისვამს რეჟისორისთვის, სცენარისტისვის კითხვა – სულ რატომ დაჰყვება ცოტნე ცოტაშვილს მოძღვარი?

– სცენარისტისა და რეჟისორის გადასახედიდან ვერ ვილაპარაკებ. ჩემი აზრით, ეს ალბათ, იმ თემის გაგრძელებაა, პოლიტიკოსები ხატის ფონზე რომ აკეთებენ ხოლმე კომენტარებს. რაც მათი აზრით, იმის მიმანიშნებელია, რომ თუ ადამიანს კადრში ხატები აქვს, ე.ი. ის არ იტყუება და მას უკვე ბრმად ენდობიან.

– რა არის ახლა შენთვის ეს როლი?
– მეორეხარისხოვანი როლები მითამაშია, იყო გერმანული ლუდის რეკლამაც, მაგრამ ასეთი როლი არ მქონია, თან, ასე ინტენსიურად რომ მეთამაშა. ჩემი განსახიერებული მოძღვარი მართლა გამორჩეული პერსონაჟია. თავიდან ძალიან გამიჭირდა, კამერასაც არ ვიყავი შეჩვეული, რადგან მანამდე მხოლოდ თეატრის სცენაზე ვმუშაობდი, შემდეგ მიხვდი, რომ დიდი პასუხისმგებლობა მქონდა და თან, ჩემი როლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ორმაგდებოდა.

– ეკლესიის მრევლის წევრი არასდროს ყოფილხარ?
– კი, სამი წელი მეტეხის ტაძრის სტიქაროსანი ვიყავი.

– ეს იცოდნენ, როლზე რომ აგიყვანეს?
– არა და ამის ხაზგასმა არც მიყვარს…  მსახიობმა შეთავაზებული როლი უნდა მოირგო და ითამაშო. თუმცა ჩემი როლი სასულიერო პირის გაქილიკება ნამდვილად არ არის. ასეთი რამ რომ ყოფილიყო, გამიჭირდებოდა დათანხმება და უარს ვიტყოდი, რადგანაც არის თემები, რისი გადაბიჯებაც არ შემიძლია, თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ მსახიობი ვარ.

– შენს ნამუშევარზე რომელიმე სასულიერო პირის აზრი ხომ არ მოგისმენია?
– არა, ვერიდები, რომ ვინმეს რამე ვკითხო და თავადაც არავის არაფერი უთქვამს. ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია.

წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი