ანაპის დელფინარიუმიდან გაქცეული ზღვის ლომი მიშა, ფოთში შენიშნეს

170
SHARE

ქალაქ ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვის ლომი შენიშნეს, რომელიც, სავარაუდოდ, ანაპის დელფინარიუმის ბინადარი მიშაა.
გაწვრთნილმა ზღვის ლომმა დელფინარიუმიდან გაქცევა 2016 წელს მომხდარი შტორმის დროს მოახერხა. მაშინ დელფინარიუმის დირექცია შიშობდა, რომ ჯერ კიდევ პატარა მიშა გაშლილ ზღვაში გადარჩენას ვერ მოახერხებდა.
აღმოჩნდა, რომ ზღვის ლომმა თავისუფალ ცხოვრებას ზღვაში მშვენივრად გაართვა თავი. თავდაპირველად, ის აფხაზეთის სანაპიროსთან დაიჭირეს, შემდეგ კი ბიჭვინთაში გადაიყვანეს, საიდანაც კვლავ გაიქცა და ზღვას დაუბრუნდა. ამჟამად ის საქართველოში, კერძოდ კი ფოთის შემოგარენში მდებარე ორაგულის მოსაშენებელ ავზთან ახლოს, მეთევზეებმა აღმოაჩინეს.
დელფინარიუმიდან გაქცეულ ზღვის ლომზე კომენტარი გარემოს დაცვის სააგენტოს მეთევზეობისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ გუჩმანიძემ გააკეთა. ის დარწმუნებულია, რომ აღმოჩენილი ზღვის ლომი ანაპის დელფინარიუმიდან გაქცეული მიშაა. სააგენტო, ზღვის ლომის შესასწავლად, ფოთში სპეციალური ჯგუფის გაგზავნას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ზღვის ლომები ბოლოს 1936 წელს ნახეს.

FB კომენტარები

კომენტარი