ადოლფ ჰიტლერის 89 წლის მოსამსახურე დუმილს არღვევს და ფიურერთან ცხოვრებას იხსენებს

150
SHARE

89 წლის ავსტრიელი ელიზაბეტ კალჰამერი, რომელიც ადოლფ ჰიტლერის მოსამსახურე იყო, 71-წლიან დუმილს არღვევს და ჟურნალისტებს ფიურერთან მუშაობის შესახებ უყვება.

ელიზაბეტი ჰიტლერთან ბავარიაში, ბერგოფის რეზიდენციაში ცხოვრებას იხსენებს. ელიზაბეტმა 1943 წელს ადგილობრივ გაზეთში განცხადება წაიკითხა, სადაც ეწერა, რომ მოსამსახურე სჭირდებოდათ. რასაკვირველია, ახალგაზრდა კალჰამერმა არ იცოდა, რომ მისი დამქირავებელი ჰიტლერი იქნებოდა. გოგონას დედა წინააღმდეგი იყო, რომ მოზარდ ქალიშვილს მუშაობა დაეწყო, მაგრამ ვერაფერს გახდა.

“როდესაც ჩამოვედი, გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. 3 საგუშაგო პოსტი გავიარე. სახლი სტუმრებით იყო სავსე და უეცრად მათ შორის ფიურერი დავინახე. სრულიად მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ ფიქრის საშუალება მქონდა, მაგრამ არა ლაპარაკის”, – განაცხადა მან გაზეთ Salzburger Nachrichten-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სამუშაოს დაწყებიდან პირველივე წუთებში ელიზაბეტი გააფრთხილეს, რომ ნებისმიერი, ვინც კი რეზიდენციის შესახებ სრულიად უწყინარ დეტალსაც კი გაამჟღავნებდა, მკაცრად დაისჯებოდა. ჰიტლერი მკაცრ დიეტაზე იყო და ნელთბილ წყალს სვამდა. მისი თქმით, ყველა მზარეულმა იცოდა, რომ ჰიტლერს ელენთასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და მის პერსონალურ სადილსაც დიდი ყურადღებით ამზადებდნენ. თუმცა, როგორც ელიზაბეტი იხსენებს, მკაცრი დიეტის მიუხედავად, ფიურერი ტკბილეულზე

უარს მაინც ვერ ამბობდა და ზოგჯერ შოკოლადის ბისკვიტსა, თუ კრემიან ნამცხვრებს მიირთმევდა. “ფიურერის ნამცხვარი” – ვაშლის დესერტი, რომელიც თხილითა და ქიშმიშით იყო სავსე, ჰიტლერისთვის ცხვებოდა და მისთვის ღამით მიჰქონდათ.

ელიზაბეტი 22 გოგონასთან ერთად მუშაობდა, ყოველთვის ჰიტლერთან ახლოს იყო, მაგრამ ფიურერს არასდროს დალაპარაკებია. ელიზაბეტი სამრეცხაოსა და საკერავ ოთახში მუშაობდა, შემდეგ კი ფიურერისთვის ჩაი მიჰქონდა. როგორც კალჰამერი იხსენებს, ერთხელ ჭიქა გაუტყდა – შედეგად, იმით დასაჯეს, რომ რამდენიმე დღით დასვენების დღეები გაუუქმეს. მისი თქმით, ევა ბრაუნი მის მიმართ “ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი. შობას მატყლი მაჩუქა, რათა ფრონტზე მყოფი მამაკაცებისთვის წინდები მომექსოვა”.

როგორც ელიზაბეტი იხსენებს, ჰიტლერი მხატვრული ფილმების მოყვარული იყო და რეზიდენციაში კერძო კინოთეატრიც ჰქონდა. რეზიდენციაში არსებული განწყობა 1944 წლის ივლისში შეიცვალა. ელიზაბეტი ბერგოფში ომის დასრულებამდე მუშაობდა, ვიდრე რეზიდენციაში ევაკუაცია არ გამოცხადდა.

FB კომენტარები

კომენტარი