“ადიდებულა მდინარე ვერე” – ედიშერ ყიფიანის მოგონება თბილისში მომხდარ წყალდიდობაზე

165
SHARE

“კვირა” გთავაზობთ ქართველი მწერლის, ედიშერ ყიფიანის მოგონებას 1960 წლის 4 ივლისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შესახებ.

კერძოდ იმაზე, თუ როგორ დაიტბორა მდ.ვერეს ხეობა თითქმის 55 წლის წინ.

“ტრაგედია დატრიალდა დღეს თბილისში. დილის 9 საათზე მოვიდა დიდი წვიმა, ადიდებულა მდინარე ვერე და მოგლეჯილი ხეებითა და ლოდებით ამოუვსია ვარაზისხევის ქუჩის ქვეშ გაყვანილი გვირაბი, შეგუბებულა წყალი და ამოუხრჩვია ზოოპარკი! როცა გალიაში მიწით დასილული და უძრავად მწოლიარე ვეფხვი დავინახე, კინაღამ ავტირდი. ყველა ლომი, ყველა ავაზა და ყველა ვეფხვი დაიხრჩო. წარმოვიდგინე, როგორ ებრძოდნენ წყალს, როგორ გაჰყვეს ნესტოები გალიის ჭერში, რკინებს შორის, ეს იყო მათი უკანასკნელი გაბრძოლება, მერე წყალმა გალიის ჭერიც დაფარა. ლომი, ლომი წყლით დამხრჩვალა იმიტომ, რომ დატყვევებული იყო, და არწივიც იმიტომ, რომ დატყვევებული იყო! თეთრი დათვები მუცელდაბერილები ეყარნენ ცემენტის ცივ იატაკზე. ალბათ როგორ ესიამოვნათ პირველად, როცა ზაფხულის ამ თბილ დილას წყალი შეუდგათ მუხლამდე, მაგრამ მერე? ალბათ ვცდები, ასე არ მოტყუვდებოდნენ, ალბათ, ყოველმა მხეცმა ინსტიქტით იგრძნო საშიშროება და დაიწყო ბრძოლა გალიებში, ისე თვალნათლივ ვიგრძენი ეს სურათი, რომ ….მაჟრჟოლებს ხოლმე, როგორ მენანება, როგორ მეცოდება მხეცები, იმიტომ რომ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. რა მოულოდნელი იყო ალბათ ეს წყლის შემოტევა მათთვის, უფრო მოულოდნელი, ვიდრე ადამიანისათვის იქნებოდა, მხოლოდ ბეჰემოტმა შესძლო რკინის ფანჯრის გამომტვრევა და გათავისუფლება. იმ საღამოს იგი უძრავად იწვა საზაფხულო ვოლიერში და მძიმედ ქშინავდა ბრძოლაგადახდილი. როგორ მეცოდებიან ლომები, ვეფხვები და არწივი. ის ღრუბლები მოვიდნენ აფრიკიდან”.

ამონარიდი ედიშერ ყიფიანის უბის წიგნაკიდან. 1960 წ. 4 ივლისი.

FB კომენტარები

კომენტარი